„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხდომას მართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სხდომას მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც პარტიაში ამბობენ,  შეკრება უკრაინაში ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს ეხება, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზეა გადასული და პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ იმ სამოქმედო გეგმაზე, რაც პარტიას აქვს.

“მინდა ყველას ვუთხრა, პირველ რიგში ოლიგარქ ივანიშვილს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. ჩვენ დღეს განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, მზად ვართ ყველანაირი განვითარებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება მომავალში, მინდა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ოლიგარქიული ძალების წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც და უკრაინაშიც კეთილშობილური ძალები გაიმარჯვებენ”,-განაცხადა პოლიტსაბჭოს დაწყების წინ ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, კონკრეტულად როგორი იქნება პარტიის გეგმა, ამაზე საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სააკაშვილი ამით ამბობს, რომ მისი სიცოცხლე ეკუთვნის უკრაინასა და საქართველოს.

” მისი სიცოცხლე არის ბრძოლა რუსული კორუმპირებული ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ძალიან მალე გაიმარჯვებენ”,- განაცხადა ბიბილაშვილმა.