პოეტი ზვიად რატიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
თბილისის პროკურატურასთან რატიანის მეგობრები, მწერლები და პოეტები არიან შეკრებილი.
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.
მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალა მძიმე საყურებელია და სურვილის შემთხვევაში უწყება მზადაა რატიანს აღნიშნული მასალა გააცნოს.
როგორც თავად რატიანი ამბობს, მისი დაკავება ქურთუკის ფერის გამო მოხდა.პოეტის თქმით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.