„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის პროკურატურაში „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჩხეიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

„მოვედი, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება და ვუთხრა გამოძიებას ყველაფერი ის, რაც ვიცი. შევალ პროკურატურაში, ვნახავ როგორ განვითარდება იქ მოვლენები და მერე უფრო სწორ და ამომწურავ კომენტარს მოგაწვდით“,- განაცხადა ჩხეიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა „საქართველოს ბანკთან“ მიმართებაში „ომეგა ჯგუფს“ 84 მილიონი ლარის ფინანსური ვალდებულებები, როგორც ჩხეიძე ამბობს, ასეთ საკითხებზე ინფორმაციას დირექტორები ფლობენ.

„მე ვარ დეპუტატი და ბიზნეს კომპანიის ყველა ფინანსური საკითხზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გპირდებით, ამას მოვიკითხავ და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას.

ოთხი მილიონის ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვის საკითხზე ინფორმაცია მქონდა 2016 წლის აპრილის თვეში. იმ მოქმედებებზე, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ ჩატარდა უკანონოდ, ამის საბუთი არსებობს“,- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ჩხეიძის თქმით, მათ ამ საკითხზე გამოხმაურება საჭიროდ არ ჩათვალეს.

როგორც ჩხეიძე აცხადებს, სწორედ ამის გამო დატოვა პარტია და 8 ოქტომბერს ფრაქციის დატოვებასაც აპირებს.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, ნატო ჩხეიძის პროკურატურაში მისვლა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობას სურს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.

„ქალბატონი ნატო აპირებს ისაუბროს და სრული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, იმ უსამართლობებთან დაკავშირებით, რაც ხდება „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებით. რაც შეეხება ოთხი მილიონის გადარიცხვის საკითხს, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, მათ შორის ჩვენი მტკიცებულება შეეხება საბანკო თემასაც, რომელზეც ზაზა ოქუაშვილმა ისაუბრა. გვაქვს იმაზე მეტი მტკიცებულება, რითაც დასტურდება აღნიშნული თანხის როგორც გამოტანა, ასევე სხვა მიმართულებები“,- განაცხადა ადვოკატმა.