საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მომჩივანი მხარე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი  სამ ნაწილად განიხილა და კენჭი უყარა.

მეურვეები მსჯელობდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის გაშუქებისას დაცული იყო თუ არა ჯეროვანი სიზუსტე; იყო თუ არა მიმართული სიძულვილის გაღვივებისკენ და დაირღვა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი.

საბჭოს დღევანდელ სხდომას ექვსი წევრი ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაზე არ იყვნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია და საბჭოს წევრი ირაკლი პაპავა.

სამივე საკითხის კენჭისყრისას სამეურვეო საბჭოს წევრთა ხმები გაიყო. საბჭოს წევრებმა ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ მიიჩნიეს, რომ ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის გაშუქებისას პირველი და მეორე პრინციპი დაირღვა. სხდომაზე მყოფ საბჭოს ოთხ წევრს –  მარინა მუსხელიშვილს, გიორგი კოხრეიძეს, გიორი ნიჟარაძესა და გიორგი იაკობაშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ და ეთიკის ნორმების დარღვევას არ დაეთანხმდნენ.

რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს, სამეურვეო საბჭოს წევრებმა ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ ჩათვალეს, რომ ზვიად რატიანთან დაკავშირებით აღნიშნული პრინციპი დაირღვა, გია ნიჟარაძემ თავი შეიკავა, ხოლო საბჭოს სამმა წევრმა –  მარინა მუსხელიშვილმა, გეგა კოხრეიძემ და გია იაკობაშვილმა არ გაიაზიარეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ასევე გეგმავენ, შეხვდენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და მაუწყებლის ქცევის კოდექსში შესატან ახალ რეგულაციებზე იმსჯელონ.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე.