ვასილ მაღლაფერიძე - ადამიანთა მსოფლმხედველობები იმდენად განსხვავდება, რომ აუტანლობაა, გვიჭირს თანაცხოვრება, აუტანლობა ნორმალურია, მაგრამ თანაცხოვრება რომ არ შეგიძლია, არის ძალიან ცუდი
ვასილ მაღლაფერიძე - ადამიანთა მსოფლმხედველობები იმდენად განსხვავდება, რომ აუტანლობაა, გვიჭირს თანაცხოვრება, აუტანლობა ნორმალურია, მაგრამ თანაცხოვრება რომ არ შეგიძლია, არის ძალიან ცუდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოშიც იგივე ხდება, რაც საზოგადოებაში, როდესაც ადამიანებს კატეგორიულად არ მოსწონთ და არ ესმით ერთმანეთის ნააზრევი. არა მარტო ნააზრევი, არამედ ისიც, რაც შეიძლება, მომავალში ვთქვათ. აი, ეს ხდება სამეურვეო საბჭოში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს მკვეთრ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებას სამეურვეო საბჭოში, როცა, მაგალითად, წევრთა ერთმა ჯგუფმა პირდაპირ მოითხოვა ერთ-ერთი წამყვანის მრწამსის შესწავლა და მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება, რაც, ცხადია, თანამშრომლებმა თანამშრომელზე ზეწოლად და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვა-ჩარევის მცდელობად აღიქვეს.

„ის, რაც სამმა წევრმა თქვა, დანარჩენი რაღაც რაოდენობის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია, და მათთვის კატეგორიულად მიუღებელია, რასაც, ვთქვათ, ჩვენ ვამბობთ ხოლმე. თქვენთვის მიუღებელია ის, რომ ადამიანის მრწამსის შემოწმება შეიძლება, მაგრამ ვიღაცებისთვის ეს შეიძლება, არ იყოს მიუღებელი. ფაქტია, ვიღაცებს ეს მოსწონთ, რადგან ამ სამ ადამიანს მარტო ვერ გაუჩნდებოდა ეს აზრი. ისინი გამოხატავენ გარკვეული ჯგუფის ინტერესს. ჩემთვის ეს მიუღებელია, მაგრამ ვიღაცისთვის – მისაღები. სინამდვილეში, ამას ჩვენ ვუყურებთ ქვეყანაში, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, სულში ჩაუძვრეს ადამიანს და აკონტროლოს სხვისი მრწამსი. ამიტომ სამეურვეო საბჭოც ასახავს იმ რეალობას, რაც არის ქვეყანაში“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებსაც, როცა დილით იღვიძებენ, უკვე ნაშიშვლები აქვთ ხმლები და უკვე იციან, რომ უნდა ებრძოლონ მტერს.

„მტერი თუ არ არის, უნდა გამოიგონონ. მტერი გამოგონებულია და ეს ხდება სამეურვეო საბჭოშიც და ეს ხდება ქვეყანაშიც“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანმა ვასილ მაღლაფერიძეს კითხვა დაუსვა, როგორ აპირებს სამეურვეო საბჭო ამ დაპირისპირების ფონზე მუშაობის გაგრძელებას. ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება ნორმად არ უნდა მივიღოთ, არამედ ვეცადოთ გამოსწორებას.

„ეს ნორმად კი არ უნდა მივიღოთ, უნდა ვეცადოთ, გამოვსწორდეთ, მაგრამ ეს არც ამ გადაცემით და არც ჯადოსნური ჯოხით ასე უბრალოდ არ გამოსწორდება. რასაკვირველია, უნდა ვცადოთ. რომ გვაწუხებს, იმიტომ ვსაუბრობთ, მაგრამ ეს გაგრძელდება, გარკვეულწილად. ამ საკითხის უცებ გადაჭრა არ ხდება. ჩვენი, ადამიანთა მსოფლმხედველობები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ აუტანლობა არის, რა დასამალია და გვიჭირს თანაცხოვრება. აუტანლობა ნორმალურია, მაგრამ თანაცხოვრება რომ არ შეგიძლია, ეს არის ძალიან ცუდი. თუ არადა, მეორე გზა არსებობს, ბოლშევიკებმა მარტივად გადაჭრეს ეს, უნდა აიღო და ყველა, ვინც სხვანაირად ფიქრობს, უნდა დახვრიტო მაშინ და ყველა ერთნაირად იფიქრებს. სხვათა შორის, ამ მოწოდებებს ძალიან ხშირად ვუყურებთ ხოლმე, პირდაპირ განადგურების მოთხოვნებს, მათ შორის, ჩემ მიმართ და სხვის მიმართ“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ასეთი ვითარება სევდას გვრის და სურს, ეს ყოვლად ქართულ მოვლენად გამოაცხადოს, მაგრამ ეს არის მსოფლიო მოვლენა და არა – მხოლოდ ქართული.

„ეს ტემპერამენტიდან გამომდინარეა. ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოხატავენ თავიანთ ტემპერამენტს, ვთქვათ, საფრანგეთში, როგორ გამოხატავენ ამერიკაში და ა.შ. ფინეთში ნაკლებად გამოხატავენ, მაგრამ ადამიანი არის ადამიანი. საქართველოში, როგორც არ უნდა გვინდოდეს, ვერაფერს ისეთს ვერ ვიზამთ, რაც ყველგან არ ხდება ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.