შსს- ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს
შსს- ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას, შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი განცხადება გაკეთდა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.

მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალა მძიმე საყურებელია და სურვილის შემთხვევაში უწყება მზადაა რატიანს აღნიშნული მასალა გააცნოს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია.

მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი.

მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში,  ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნულ მასალას მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოში. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გავაცნოთ ზვიად რატიანსაც, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.

ვიდაომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა)და 166-ე (ხულიგნობა)მუხლებით.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.