პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, ცესკო-ს სიას სესხის ამომღები კომპანიები და კერძო დეტექტივები იყენებენ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის თანახმად, ცესკო-ს სიას სესხის ამომღები კომპანიები და კერძო დეტექტივები იყენებენ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

„გამოვლინდა ცესკო-ს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების (ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ) სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა. ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები. მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის – საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე დათქმას არ შეიცავს“, – მითითებულია ანგარიშში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.