საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაცია - ჯაშუშობა არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას სამხედრო გაგებით, ეხება ეკონომიკურ სფეროსაც და აქ მოკავშირეები მეგობრები არ არიან
საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაცია - ჯაშუშობა არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოებას სამხედრო გაგებით, ეხება ეკონომიკურ სფეროსაც და აქ მოკავშირეები მეგობრები არ არიან

საფრანგეთის დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშის მიხედვით, აშშ ხშირად არ იქცევა როგორც საფრანგეთის მეგობარი, სხვადასხვა მეთოდს იყენებს მონაცემების მოსაპოვებლად და საფრანგეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად.

როგორც საფრანგეთის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 2022-2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საფრანგეთის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევას სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი და ეს ყველა სფეროს ეხება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ იყენებს სხვადასხვა მეთოდს და ცდილობს, მათ შორის, კანონის ექსტერიტორიულობის მეშვეობით მოიპოვოს სხვადასხვა ინფორმაცია და ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

„საგარეო ჩარევა სულ უფრო დაუბრკოლებლად ხდება და ეხება საქმიანობის ყველა სექტორს, დემოკრატიული ცხოვრებიდან ეკონომიკურ ცხოვრებამდე, კვლევის სამყაროდან ციფრულ სივრცეებამდე. ისინი მრავალ ფორმას იღებენ: დეზინფორმაციული ოპერაციები, კიბერშეტევები, ჯაშუშობა, ექსტერიტორიულობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები, კორუფცია, ღალატი და ა.შ.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „რუსეთისა და ჩინეთის გარდა, სხვა უცხოური ძალებიც მიმართავენ ჩარევას, მაგალითად, თურქეთი რელიგიური პრაქტიკის ბერკეტით, ასევე ირანი, მაღრიბის სხვა სახელმწიფოები და სპარსეთის ყურის ქვეყნები“.

„ჯაშუშობა არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს სამხედრო გაგებით, ის ასევე ეხება ეკონომიკურ სფეროს და აქ ჩვენი მოკავშირეები ჩვენი მეგობრები არ არიან. სუვერენიტეტის ცნებას ყველა სხვა მოსაზრებაზე უპირატესობა უნდა ჰქონდეს. მათ მიერ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, კანონის ექსტერიტორიულობით, სხვადასხვა ოპერატიული მეთოდი გამოიყენება შესაბამისი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საფრანგეთის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის ანგარიშში მიმოხილულია საფრანგეთში უცხოური ჩარევის რისკები და მათი აცილების გზები. აღნიშნული დოკუმენტი გამოყენებულია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის გასამყარებლად, რომელიც გარე ჩარევის წინააღმდეგ არის მიმართული. დოკუმენტში საუბარია, საკუთარი თავის დაცვაზე საგარეო ჩარევისგან და ამ მხრივ ბრძოლის ეფექტიანი ინსტრუმენტების შემუშავების აუცილებლობაზე.