პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

თამარ ქალდანის უწყების მონაცემებით, მოქალაქეების 382 მომართვისა და ჩატარებული 148 ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 316 დავალება და რეკომენდაცია.

ინსპექტორის აპარატში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა მომართვიანობისა და ჩატარებული შემოწმებების რაოდენობის ზრდის ფონზე, გასული ექვსი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა სამართალდარღვევებისა და ჯარიმების რაოდენობის კლება.

„საჯარო სექტორში, მსხვილ და საშუალო ბიზნესში საგრძნობლად გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, ასევე ინტერესი ინსპექტორის აპარატთან წინასწარი კონსულტაციების მიმართ. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 2018 წელს გაწეული 6100-ზე მეტი კონსულტაციიდან ძირითადი ნაწილი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა“, – აღნიშნავენ უწყებაში.

გამოწვევებს შორის სახელდება მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა.

„განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა“, – აღნიშნულია ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ცნობით, ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა საკანონმდებლო წინადადებებიც, რომელთა განხორციელება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყანაში მონაცემების დაცვის სტანდარტების ამაღლებას.