პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია ეთანხმება ვენეციის კომისიას, რომელმაც შემოგთავაზათ სისტემური მიდგომა, ის ამკვიდრებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, ვიმედოვნებ, ამ მიდგომას აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია ეთანხმება ვენეციის კომისიას, რომელმაც შემოგთავაზათ სისტემური მიდგომა, ის ამკვიდრებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, ვიმედოვნებ, ამ მიდგომას აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში

ევროკომისია ეთანხმება ვენეციის კომისიას, რომელმაც შემოგთავაზათ სისტემური მიდგომა, ის ამკვიდრებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, ვიმედოვნებ, ამ მიდგომას აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი, მე-5 პრიორიტეტი ეხება შეძლებული ადამიანების გადაჭარბებული გავლენის შეზღუდვის საჭიროებას საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ეს ყოველთვის ქართველების გადასაწყვეტი იყო, როგორ სურთ ამ საკითხთან გამკლავება. ვენეციის კომისია ბოლო რეკომენდაციაში იყო ძალიან მკაფიო, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის იდეა სწორი არ არის, რადგან შეიცავს სერიოზულ რისკებს. ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ სხვა, სისტემური მიდგომა. გამჭვირვალობით, პასუხისმგებლიანობით მიდგომა არსებულ გარემოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკომისია ვეთანხმებით ვენეციის კომისიას. ის ამკვიდრებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, ამ მიდგომას აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში, რათა შეასრულონ მე-5 პრიორიტეტი, დეოლიგარქიზაციის შესახებ“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ერთსულოვნებაზე.

„ძალიან რთულია ჩემთვის რაიმეს თქმა. ჩემი პირადი მოსაზრება ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ დავაფიქსირე. თუმცა, სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ჩემს ხელთ არ არის, არც ჩემი ზემდგომების ხელშია, ის არ არის ევროკავშირის ინსტიტუციების ხელში. გადაწყვეტილება შემდეგი ნაბიჯის შესახებ, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, 27 წევრი ქვეყნის მისაღებია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. დეკემბერში 27 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რაც უამრავჯერ გამიმეორებია, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება ერთსულოვნებაზე. თითოეული წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში. ჯერ კიდევ არის დრო დეკემბრამდე, ნახევარი წელი. ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება მეტ პროგრესს 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან გვჭირდება პოზიტიური, კარგი ამბები საქართველოდან, რათა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე.

ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით დიდ პროგრესს ვხედავთ, ზოგიერთზე კი შედეგებს ველოდებით. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საჭიროა განსხვავებული მიდგომა. იმ მიდგომისგან განსხვავებული, რომელიც მმართველ პარტიას ჰქონდა არჩეული. ევროკომისია შეაფასებს პროგრესს ოქტომბერში. იქნება გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ეს იქნება ძალიან მტკიცე, დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. 35 თავი მოიცავს 12 პრიორიტეტს. აღწერილი იქნება ძალიან დეტალური და ტექნიკური კუთხით. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნის მისაღებია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, დეკემბერში, ევროპულ საბჭოში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.