„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ
„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰარჩინსკისა და ევროპული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „შეხვედრაზე იყო ძალიან ბევრი კითხვა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

„მინდა, პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ სიტუაცია არის კრიტიკული. მე არ დავიწყებ არავის ციტირებას. იყო ძალიან ბევრი კითხვა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ რასაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ, პირდაპირი დავალებაა რუსეთისა და პუტინის, რომ საქართველო ვერ მოხვდეს იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ყველაფერი ეს: კანონი, გუშინდელი განხილვა, მეორეჯერ შემოტრიალება, ერთი მხრივ, პრაქტიკულად, დაბლოკავს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესს ევროკავშირში, მეორე მხრივ კი, შეწყვეტს უზარმაზარ დახმარებებს ჩვენი მოქალაქეებისადმი – დაწყებული ლურჯი მოცვიდან და დამთავრებული საბავშვო ბაღების რემონტის თანხით. აღარ ვსაუბრობ სადამკვირვებლო მისიებზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და უამრავ საქმეზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ათეულ მილიარდ დოლარზე მეტზე გადის.

ამიტომ საკითხი დგას ასე: ან რუსეთი, ან ევროპა; ან „ქართული ოცნება“, რომელსაც რუსეთში მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, ან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს მეგობრებს აღელვებთ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

ჯაფარიძის განცხადებით, „რუსული კანონის“ მიღება ნიშნავს ყოველგვარი შანსის გამორიცხვას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, მათ შორის, „რუსულ კანონზე“. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს აღელვებთ ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ „რუსული კანონის“ მიღება ნიშნავს ყოველგვარი შანსის გამორიცხვას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არაერთხელ ითქვა საჯაროდ და ეს პოზიცია ევროკავშირს აქვს, იმიტომ, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეესაბამება არც ევროპულ წესებს, არც ცივილიზებული ქცევის წესებს. ეს შეესაბამება მხოლოდ რუსულ ქცევის წესებს და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობას საქართველოში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.