პაველ ჰერჩინსკი - ვემზადებით ახალი გაფართოებისთვის, ზოგიერთი მზად არის სწრაფი წინსვლისთვის, ზოგს ნელი სვლა სურს, ზოგიც ყოყმანობს, თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა, იყოთ შემდეგი გაფართოების ნაწილი
პაველ ჰერჩინსკი - ვემზადებით ახალი გაფართოებისთვის, ზოგიერთი მზად არის სწრაფი წინსვლისთვის, ზოგს ნელი სვლა სურს, ზოგიც ყოყმანობს, თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა, იყოთ შემდეგი გაფართოების ნაწილი

ჩვენ ვემზადებით ახალი გაფართოებისთვის, ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა მზად არის ძალიან სწრაფი წინსვლისთვის, ზოგს ნელი სვლა სურს, ზოგი კი, ყოყმანობს, თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა, იყოთ შემდეგი გაფართოების ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ამაყობს თავისი გამჭვირვალობით.

„ჩვენ არაფერი გვაქვს გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს განსხვავებული ვალდებულებები, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის საჭიროება. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, პირიქით, ჩვენ თავი საქართველოს საუკეთესო მეგობრებად მიგვაჩნია. ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი გახდეს. ველოდებით საქართველოს, დაჯდეს მაგიდასთან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს მომენტი რაც შეიძლება მალე დადგება. სწორედ ამიტომ გვინდა საქართველოს გაძლიერება. ჩვენ გვინდა, საქართველო იყოს უფრო მედეგი, უფრო დემოკრატიული და ყველა დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ევროკავშირის ელჩის თქმით, საქართველო არის სრულად დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა და მომავალი მისი გადასაწყვეტია.

„მე ნამდვილად ამაყი და ძალიან მოხარული ვარ და ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირი ელჩი საქართველოში, ევროკავშირმა გახსნა თავისი კარი, რომ მიიღოს საქართველო როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ახლა არჩევანი აქ, საქართველოშია გასაკეთებელი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროპული მიმართულება შენარჩუნდება, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი, არჩევნების მიუხედავად, საკმარის დროს და ძალისხმევას დაუთმობს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად, რომ წინსვლა შევძლოთ, არ გავფლანგოთ დრო და გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე, რაც წევრობის მოლაპარაკებების გახსნას გულისხმობს. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს თამამი გადაწყვეტილება, გაუხსნან კარი ახალ წევრ სახელმწიფოებს.

ბოლო გაფართოება 20 წლის წინ მოხდა. ჩვენ ვემზადებით ახალი გაფართოებისთვის. მოცემული მომენტისთვის ჩვენ ათი კანდიდატი ქვეყანა გვყავს. ზოგიერთი მათგანი მზად არის ძალიან სწრაფი წინსვლისთვის, ზოგს სურს უფრო ნელი სვლა, არიან სხვებიც, რომლებსაც აქვთ გარკვეული ეჭვები და ყოყმანობენ. ეს თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა, იყოთ შემდეგი გაფართოების ნაწილი. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, როგორც საქრთველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა, საქართველო კვლავ იქნება მოწინავე და იქნება მომავალი გაფართოების ნაწილი. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რეფორმები აბსოლუტურად აუცილებელია. საგზაო რუკა მკაფიოა, ეს არის ცხრა ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, დრო არ გაიფლანგება და საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული მომავალ კვირებში, რომ ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია მისცეს წევრ სახელმწიფოებს, რომ ჩვენმა წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ საქართველოსთან შემდეგ ეტაპზე გადასვლა და დეკემბერში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. თუმცა ისევ ვიტყვი, ეს ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნები ყურადღებას არ გადაიტანს რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის წევრობისკენ სვლის აუცილებლობიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.