პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეტანილი არ არის.

ამასთან, ელჩმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი მაინც შედგეს.

„დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომლებსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამავდროულად, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

„ევროკავშირმა ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით. 24 საათის განმავლობაში, 4 აპრილს გავრცელდა განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის მიერ. გუშინ საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ვფიქრობ, მისი პოზიცია მკაფიოა. ეს კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში არ დაეხმარება. პირიქით, იქნება დაბრკოლება, რადგან ეს კანონი აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.