პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღეს იმსჯელებს
პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღეს იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოზე დღეს იმსჯელებს.

პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

მისივე თქმით, ვეტოს დაძლევას უმრავლესობიდან მხოლოდ ოთხი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ისინი ის კანონმდებლები არიან, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფით პოზიციას პროექტის განხილვის პროცესში მუდმივად აფიქსირებდნენ.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 2017 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მას შენიშვნები ორ ძირითად საკითხთან მიმართებით აქვს – პირველი რეკლამის თემას, ხოლო მეორე შესყიდვებს ეხება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიასაშუალებების  წარმომადგენლებს შორის ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან საკანონმდებლო ცვლილებებს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს.

ამასთან, კანონპროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს. პროექტით, დამატებით ზუსტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფის, მათ შორის, მითითების, დავალების მიცემის, ასევე შეთანხმების დავალების ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელების დაუშვებლობა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

ასევე ცვლილებების მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე. გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში.

ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს.

კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობების დადგენის უფლებამოსილება აღარ ექნება.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინა წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი ნაშთი მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას ემატება.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს). ინიციატივით დასაშვები ხდება აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.

ინიციატივით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

დატოვე კომენტარი