ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას უმრავლესობიდან ოთხი დეპუტატი მხარს არ დაუჭერს
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას უმრავლესობიდან ოთხი დეპუტატი მხარს არ დაუჭერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დაძლევას უმრავლესობიდან მხოლოდ ოთხი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ისინი ის კანონმდებლები არიან, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფით პოზიციას პროექტის განხილვის პროცესში მუდმივად აფიქსირებდნენ.

„იყო სამი დეპუტატი, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა მაშინდელ კენჭისყრაზე. ესენი იყვნენ – რომან კაკულია, ლევან კობერიძე და გიორგი მოსიძე. ასევე ვიცით, რომ დავით ჭიჭინაძე აქტიურად გამოდიოდა თავისი არგუმენტებით ამ გადაწყვეტილებისა და კანონპროექტის წინააღმდეგ. ეს არის ალბათ ის ოთხი დეპუტატი რომელიც დააფიქსირებს თავის დამოუკიდებელ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დეპუტატებს საშუალება ექნებათ ვეტოს დაძლევისას კენჭისყრაზე საკუთარი განსხვავებული პოზიცია დააფიქსირონ.

როგორც კობახიძე განმარტავს, ყველა სხვა დეპუტატი მხარს ვეტოს დაძლევას დაუჭერს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ ღიად დააფიქსირა, რომ ვეტოს დაძლევას მხარს არც ის დაუჭერს და კენჭისყრაზე თავს შეიკავებს.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ქანთარიას გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმირებული, ირაკლი კობახიძემ მსგავსი ფაქტი ვერ გაიხსენა.

„რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას, მე არ მახსოვს რამდენად იყო ის არგუმენტებით ჩართული ამ დისკუსიაში, შესაბამისად, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.