დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის შენიშვნები ყოველგვარი მოტივაციისგან არის დაცლილი, ეს არის შეტევა ცესკო-ზე
დავით მათიკაშვილი - პრეზიდენტის შენიშვნები ყოველგვარი მოტივაციისგან არის დაცლილი, ეს არის შეტევა ცესკო-ზე

ზოგადად, პარლამენტის რეგლამენტით შენიშვნებს მოტივირებული ჰქვია, ასეთი სახელწოდება აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის შენიშვნები ყოველგვარი მოტივაციისგან არის დაცლილი და ეს არის შეტევა ცესკო-ზე,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამ შენიშვნებით სხვადასხვა აქტორი ჩვენ გვიყიჟინებს, რომ მივიღოთ რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული წესი, რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ვერცერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც ანალოგიური წესი მოქმედებს, რომ იყოს კვალიფიციური უმრავლესობით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე, მისი მოადგილე იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი და დაკომპლექტების წესი იყოს მსგავსი. ასეთი ქვეყანა არ არსებობს და ჩვენ რაღაც საცდელი ცენტრივით გამოვდივართ ამ შემთხვევაში, სადაც ისეთი წესის მიღებას გვიყიჟინებენ, ვერცერთ ქვეყანაში რომ ვერ ნახავთ. ამიტომ ეს შენიშვნებიც არ არის არანაირად მოტივირებული და წარმოდგენილი ვეტოც აუცილებლად დაიძლევა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა მმართველ გუნდზე განაწყენებული პრეზიდენტისთვის ვეტო ერთგვარი პოლიტიკური იარაღი, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციაში გადაბრძანებული პრეზიდენტი წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს და ვეტო, რომელიც მან იკადრა და საარჩევნო კანონს დაადო, ემსახურება არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციის მცდელობას“.

„პრეზიდენტი განაწყენებულია ყველაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ის განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“, განაწყენებულია საპატრიარქოზე და აბსოლუტურად ყველაზე. ახლა მოიგონა რაღაც ქოლგა, რომლის ქვეშაც ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები შეიფაროს და არის მცდელობა, რომ როგორმე ამ 5%-იან ბარიერს გადააპარონ ის რადიკალი პარტიები, რომლებსაც არანაირი რეიტინგი არ აქვთ. აი, ეს არის რეალობა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და ცალკეული მედია საშუალებების მიზანი იყო, პიარული შეტევით მომხდარიყო ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის დისკრედიტაცია, რომელიც გადადგებოდა და თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებდა მისი ოპოზიციონერი მოადგილე, სათადარიგო თავმჯდომარე და „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი მთლიანად აიღებდა ხელში ცესკო-ს ფუნქციონირებას.

„ეს არის მოცემულობა, როდესაც რადიკალური ოპოზიციონერები და ოპოზიციის რიგებში გადაბრძანებული პრეზიდენტი დღესვე პირდაპირ აცხადებენ, რომ ისინი, ფაქტობრივად, არჩევნებისთვის კი არ ემზადებიან, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. იმიტომ, რომ, ყველა გათვლით, მათ არჩევნები უკვე დღეს აქვთ წაგებული. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ელექტორალური ნდობიდან გამომდინარეობს, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს 60% მხარდაჭერა, სადღაც 15%-მდეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და სხვა დანარჩენი პარტიები 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა, არავინ იცის. ამიტომ დღესვე ხდება მზადება, რომ ეს არჩევნები აუცილებლად უნდა გამოაცხადონ გაყალბებულად და შემდგომ, იმ მეორე დღისთვის უნდა მოემზადონ და საზოგადოებაში მოამწიფონ აზრი, თითქოს არჩევნები გაყალბდა. არჩევნების დღეს ვერაფერს ვერ უზამენ, იმიტომ, რომ ელექტრონული წესი შემოვიღეთ და ამ მოცემულობას წყალი არ გაუვა. ორ საათში დაითვლება ხმები და ქართულ საზოგადოებას ეცოდინება არჩევნების შედეგები. ანუ, მათ უნდათ, დღესვე მოემზადონ არჩევნების მეორე დღისთვის და რაღაც რევოლუციური შედეგებისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების მიღებით „ქართული ოცნება“ ასრულებს 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ შესაბამის რეკომენდაციებს.