ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევს
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევს

საპარლამენტო უმრავლესობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„საბოლოოდ მივიღეთ გადაწვეტილება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა ვეტოსთან დაკავშირებით არგუმენტებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწვეტილება.

ეს საკითხი არ დადგება თავისუფალ კენჭისყრაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი.

ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში საკუთარი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ.

ამ დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესაბამისად გამოხატონ პოზიცია. მათ ექნებათ ამის საშუალება. რაც შეეხება თავისუფალ კენჭისყრას, თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოთხი დეპუტატის გვარი დაასახელა, ვინც კენჭისყრაზე განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს. ესენი არიან რომან კაკულია, ლევან კობერიძე, გიორგი მოსიძე და დავით ჭიჭინაძე. თუმცა ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი – ნუკრი ქანთარია.

რაც შეეხება არგუმენტებს, რომლითაც უმრავლესობამ იხელმძღვანელა, პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეს ცვლილებები მათი აზრით მაუწყებელს წინსვლაში დაეხმარება.

„ვეტო დადებული აქვს ორ საკითხს. ერთი არის შესყიდვები. შესყიდვებთან დაკავშირებით ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები უმრავლესობის შიგნით, როდესაც მიიღებოდა ეს კანონი და შემდეგ უკვე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა გასულ კვირაში მედიაორგანიზაციებთან, იქ შეჯერდა პოზიციები, რომ ახალი სახით, როგორც არის წარმოდგენილი კანონპროექტში, უნდა შეიცვალოს შესყიდვების პროცედურა. აქ შეჯერებული ვართ ჩვენ ყველასთან.

რაც შეეხება რეკლამას – ჩვენ თქვით, რომ იწვევს ეს ცვლილება დაახლოებით მილიონიდან ორ მილიონამდე ბიუჯეტის გაზრდას, არის მთლიანი ბაზრის 1-დან 2 პროცენტამდე, რაც ბუნებრივია რყევებს ვერ გამოიწვევს და ვერც რაიმე არსებით ცვლილებებს მედიაბაზარზე. ეს ერთი, მეორეც – სტიმულირებისთვის ესაჭიროება ეს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ხარისხი.

აქ არის მეორე არგუმენტიც – რეგიონულ ტელევიზიებს არ წაართმევს საზოგადოებრივი მაუწყებელი არაფერს და ძალიან დიდი ალბათობით არ წაართმევს არაფერს არც სხვა კერძო მაუწყებლებს იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდების ზრდა, როგორც წესი, პირდაპირ პროპორციულად იწვევს მოთხოვნის ზრდასაც”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.