სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა

ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არის შეშფოთებული შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას ეწინააღმდეგება

„ეს შემაშფოთებელია, რადგან ეს არის ზუსტად პუტინის კანონის ასლი, რომელიც 2012 წელს იქნა მიღებული და შემდეგ თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ეწინააღმდეგება. ეს არის კანონი მედიის საქმიანობის წინააღმდეგ. და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა თუ შეერთებული შტატების ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო 30 და მეტი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უჭერენ მხარს. ასე რომ, ეს ძალიან შემაშფოთებელია, ამიტომაც შარშან იგივე კანონი მასობრივი დემონსტრაციების გამო უარყვეს და ვერ მიიღეს. და ამჯერად ამ კანონის გამეორება ქართველი ხალხის პირდაპირი პროვოკაციაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კანონი დაფინანსების მიმღებთა ფინანსური გამჭვირვალობისთვისაა საჭირო და სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რას იტყოდა ამაზე, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა.

„ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ორგანიზაციებს აფინანსებენ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია. არის ვებსაიტები, რომლებზეც ყველას შეუძლია ყველა ამ დეტალის მოძიება. რაც არ არის გამჭვირვალე, არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე, არ არის გამჭვირვალე, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახალი შემოტანის შესახებ, რომელზეც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა თქვა, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს და ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო? საქართველოში თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვშია ეს გადაწყვეტილება მიღებული? ესაა მთავარი კითხვა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ხშირად სვამს. ჩვენ მასობრივი დემონსტრაციების მესამე დღე გვაქვს, მასობრივი და მშვიდობიანი დემონსტრაციების და ხელისუფლებას მოვუწოდებ, არ მიმართონ პირდაპირ, ან ირიბ შევიწროებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე – „დღეს თუ კანონი ერთ ეტაპს გაივლის, შესაძლოა თუ არა გაქრეს ის შანსები და იმედები, რაც ბევრს აქვს, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ქუჩაში რაც ხდება, აჩვენებს, რომ ხალხს ევროპისკენ წასვლა აქვს გადაწყვეტილი“.

„ეს არის კანონი, რომელიც ნათლად აჩვენებს ძალაუფლებაში მყოფი ზოგიერთის განზრახვას, დაბრკოლებები შექმნას ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე. მაგრამ ის, რაც ქუჩაში ხდება, აჩვენებს, რომ ხალხს ევროპისკენ წასვლა აქვს გადაწყვეტილი. მთავარი გამოცდა 26 ოქტომბერს არჩევნებთან ერთად მოვა. და ეს კანონი ასევე საშუალებაა, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ხელი შევუშალოთ, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს, რადგან ეს მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში უდრეკად ინარჩუნებს მის დამოუკიდებლობასა და დამოუკიდებელ წარსულს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა კანონს ვეტო დაადოს, რომ ვეტოს დადებას ნამდვილად აპირებს.

„მე ნამდვილად ვაპირებ, ამ კანონს ვეტო დავადო, როგორც ყველა სხვა კანონს, რადგან ეს არ არის ერთადერთი, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩემი ვეტო, რა თქმა უნდა, დაიძლევა, რადგან პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელსაც ჩემი ვეტოს დაძლევის მიზნები აქვს. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ეს ხმა ხმამაღლა და ნათლად იქნება გაგონილი“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.