პარიზში, ყვითელჟილეტიანების აქციაზე პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები განახლდა. შაბათს გამართულ დემონსტრაციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. პარიზში სამართალდამცავებთან შეტაკებაც მოხდა. პოლიციამ 89 დემონსტრანტი დააკავა, თუმცა მოგვიანებით მომიტინგეები გაათავისუფლეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზის აქციაში 800 ადამიანი მონაწილეობდა. უფრო მრავალრიცხოვანი იყო მონპელიეში გამართული მიტინგი. დემონსტრანტებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს. აქციის ორი მონაწილე დროებით დააკავეს.
ყვითელჟილეტიანების აქციები გაიმართა ასევე მარსელში, ლილში, სტრასბურგსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.
საპროტესტო აქციები საფრანგეთში ნოემბრიდან დაიწყო და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება. თავდაპირველად მომიტინგეები საწვავის გაძვირებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.