„როიტერი“ - პარიზში, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 12 ადამიანი
„როიტერი“ - პარიზში, საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია 12 ადამიანი

საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში 368 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, პარიზში პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს პიროტექნიკა და სხვა საგნები ესროლეს, დაწვეს ნაგვის ურნები და გზებზე ბარიკადების აღმართვა სცადეს. დაკავებულია 12 ადამიანი.

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გუშინ გვიან ღამით სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ინიციატივა პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების ერთობლივმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და ტექსტის შეთანხმების შემთხვევაში, რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო კენჭისყრა ორივე პალატაში მომავალ კვირას არის მოსალოდნელი. თუმცა ეროვნულ ასამბლეაში მაკრონის პარტიას ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად მოკავშირეები სჭირდება.