საფრანგეთში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე 75 პირი დააკავეს
საფრანგეთში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებზე 75 პირი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 75 ადამიანი დააკავეს. აქცია პარიზსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

აქციაზე გასული ადამიანების რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. პოლიციის თქმით, დემონსტრანტების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 ათასი შეადგინა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით კი, საფრანგეთში სადავო კანონპროექტი 200 ათასამდე ადამიანმა გააპროტესტა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული 75 პირიდან 24 პარიზში აიყვანეს. დაშავდა 12 პოლიციელი. პარიზში დემონსტრანტები ქუჩაში თოვლის მიუხედავად გამოვიდნენ. „პოლიცია ყველგან, სამართლიანობა არსად“, „საგანგებო მდგომარეობა, პოლიციური სახელმწიფო“ – ეწერა დემონსტრანტების ტრანსპარანტებზე.

უსაფრთხოების სადავო კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ინტერნეტში, ასევე ბეჭდურ და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება, მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით.