საფრანგეთში საპროტესტო გაფიცვა არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა
საფრანგეთში საპროტესტო გაფიცვა არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გაფიცვა საფრანგეთში არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ქვეყნის 30-მდე ქალაქში სხვადასხვა პროფესიის 800 ათასზე მეტი ადამიანი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიცირებული, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა.

დემონსტრაციამ ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. არ ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაიდო ავიარეისები, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, საავადმყოფოებში გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მინიმალური პერსონალით ფუნქციონირებდა. დაიხურა მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და მაღაზიები.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით პარიზსა და ნანტეში გამოირჩეოდნენ. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. მხოლოდ პარიზში დაკავებულია ასამდე ადამიანი.

საპენსიო რეფორმა, რომლის გატარებასაც პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში არსებული ათობით სხვადასხვა საპენსიო რეფორმის გაუქმებასა და ერთი უნივერსალური პროგრამის დაფუძნებას გულისხმობს. პენსიის ოდენობა კი ქულათა სისტემის მიხედვით განისაზღვრება.

ამასთან, საპენსიო პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებენ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლები.