პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ ევროს გამოყოფს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ განაცხადა.
10 მილიონი ევრო კი უახლოეს მომავალში ჩასატარებელი საგანგებო სამუშაოებისთვის გამოიყოფა. ან იდალგოს განმარტებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობის აღსადგენად საუკეთესო არქიტექტორებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.
ამასთან ერთად, საფრანგეთის მთავრობამ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხების მოსაძიებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყების შესახებ დააანონსა. ფინანსური დახმარების მზადყოფნა იუნესკომ და რამდენიმე ფრანგმა მილიარდერმაც გამოთქვეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.