პანკისის ხეობაში დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს
პანკისის ხეობაში გუშინ დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელები, რომლებიც მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდნენ ერთი საათის წინ საავადმყოფოდან გაწერეს. ერთი პოლიციელი კი რეანომობილით თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში” რეანომობილით გადაიყვანეს, ერთი კი ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას.
სტაციონარის დატოვების შემდეგ 14 პოლიციელი სპეციალური ავტობუსით შს კახეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პოლიციელის თბილისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღეს.
„ერთი პაციენტი თბილისში გადაიყვანა რეანომობილმა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით. არაფერი არ გართულებულა, მცირე ზომის ჰემატომა იყო თავზე, ზომაში არ გაზრდილა, მაგრამ მაინც მაგნიტორეზონანსულ გამოკვლევას საჭიროებს. სავარაუდოდ მასაც რამდენიმე დღეში გაწერენ ბინაზე. ამ ეტაპზე ჩვენთან არც ერთი პაციენტი არ იმყოფება“, – განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
გუშინ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 სამართალდამცველი და 17 ადგილობრივი იყო.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის გუშინ დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.
სოფელ ბირკიანში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.