ნორვეგიაში აღმოაჩინეს ვიკინგების გემი-სამარხი, რომლითაც ისინი ვალჰალაში „მიემგზავრებოდნენ“
ნორვეგიაში აღმოაჩინეს ვიკინგების გემი-სამარხი, რომლითაც ისინი ვალჰალაში „მიემგზავრებოდნენ“

ვიკინგებისთვის იმაზე დიდი პატივი არაფერი იყო, ვიდრე ბრძოლაში სიკვდილი, რა დროსაც, მათი რწმენით, ბრტყელი დედამიწიდან მიემგზავრებოდნენ ვალჰალასკენ, სადაც მარადიული ნეტარება ელოდათ.

თუმცა, იქ წასასვლელად მათ გემი სჭირდებოდათ. არქეოლოგ კნუტ პოსკეს განცხადებით, ადამიანებს გრძელი გემებით, იარაღებთან და ძვირფასეულობასთან ერთად მარხავდნენ მიწაყრილებში, რომელთა სიმაღლეც მათი სტატუსის შესაფერისი უნდა ყოფილიყო.

რაც უფრო დიდი იყო გემი და მიწაყრილი, მით უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იქ დამარხული.

სპეციალური რადარების გამოყენებით, ნორვეგიის კუნძულ ედოიზე არქეოლოგებმა დიდი მიწაყრილი და შიგ დამარხული 1000 წლის წინანდელი 17 მეტრიანი გემი აღმოაჩინეს. ზოგადად, ამ რეგიონს განსაკუთრებით მდიდარი ისტორია აქვს, მათ შორის არის ვიკინგების ბრძოლებიც.

აღმოჩენა ერთ-ერთი ფერმის მინდორზე, შუა საუკუნეების ეკლესიის სიახლოვეს გაკეთდა.

პოსკეს განცხადებით, ნიადაგზე გეორადარული მოწყობილობის გადატარების შემდეგ, სასაფლაოს ბორცვში, რომელიც ერთ დროს 18 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო, გემის ნარჩენები აღმოაჩინეს. მიწაყრილი საუკუნეთა განმავლობაში მოშლილი და უკვე გადასწორებულია.

გათხრების დაწყებამდე ძნელია იმის თქმა, რამდენად კარგად არის შემონახული გემი. პოსკეს თქმით, რადარით შენიშნეს გემის ხერხემალი, 12 მეტრი სიგრძის კილი და ფიცრების ნიშნები. უცნობია ისიც, დამარხული არიან თუ არა მიცვალებულები ძრიფასეულობასა და იარაღებთან ერთად. პოსკეს თქმით ნორვეგიაში ამ დრომდე აღმოჩენილია ვიკინგების კარგად შემონახული მხოლოდ სამი გემი.

კუნძულ ედოისა და მისი შემოგარენს ვიკინგებამდე ხშირად სტუმრობდნენ მნახველები დანარჩენი ევროპიდან. თუმცა შემდეგში, ფიორდებში მოგზაურობისთვის ვიკინგებმა გადასახადები დააწესეს.

ამ რეგიონში ბევრი ბრძოლა ხდებოდა. მათ შორის არის ჰარალდ I-ის მიერ ჩატარებული ბრძოლებიც, რომელმაც IX საკუნეში ნორვეგია გააერთიანა.

კნუტ პოსკეს ვარაუდით, გემი ან ვიკინგების ხანას ეკუთვნის (800-1000 წ. წ.), ან უფრო ადრინდელია და ევროპაში ფრანკთა მეროვინგების დინასტიის პერიოდს მიეკუთვნება.

როგორც წესი, ვიკინგების გემის სამართავად ფიორდებში 26 მენიჩბე იყო საჭირო, მაგრამ ღია ზღვაში აუცილებელი ხდებოდა აფრების გაშლა. ინოვაციური ორმაგი დიზაინის წყალობით, ჩადიოდნენ ინგლისამდე, თავს ესხმოდნენ დასახლებებს და მტერს შიშის ზარს სცემდნენ. ვიკინგების მიერ აგებულ გემებს მთელი ორასი წლის განმავლობაში ვერავინ ერეოდა.

შარშან, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევათა ინსტიტუტის არქეოლოგებმა რადარული ტექნოლოგიის გამოყენებით, ერთ-ერთ სამარხში აღმოაჩინეს ასეთივე გემი, ოღონდ მისი სიგრძე 20 მეტრამდეა; წარმოადგენს ვიკინგების ხანის ამ დრომდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ სამარხ-გემს.

კნუტ პოსკე იმედოვნებს, რომ ასეთი გემების პოვნა უფრო მეტ დეტალს გაგვიმხელს ვიკინგების ხანის შესახებ.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.