აღმოჩენილია ვიკინგების ნავი-სამარხი, რომელშიც 100 წლის შემდეგ ზემოდან სხვა ნავია დამარხული
აღმოჩენილია ვიკინგების ნავი-სამარხი, რომელშიც 100 წლის შემდეგ ზემოდან სხვა ნავია დამარხული

VII-X საუკუნეებში ვიკინგები მიცვალებულებს ნავ-სამარხებში კრძალავდნენ. თუმცა, IX საუკუნის მეორე ნახევარში, ნორვეგიის ქალაქ ვინიეორას სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ მამულში გარდაცვლილი ქალის შემთხვევაში, ვიკინგებმა რაღაც სხვა მოიმოქმედეს.

მიცვალებულს კოხტა ტანსაცმელი ჩააცვეს, მორთეს სამკაულებითა და სხვა ძვირფასი ნივთებით — მოოქროვილი ბრინჯაოს ბროშებით, მარგალიტის ყელსაბამით, საქსოვი იარაღებით, საკვებითა და ძროხის თავით. ამის შემდეგ, იგი ახლად აგებულ ნავში ჩაასვენეს.

თუმცა, ახალი საფლავის გათხრის ნაცვლად, მისთვის სამარხი ამოთხარეს ადგილზე, სადაც 100 წლით ადრე, ნავით უკვე იყო დამარხული სხვა ადამიანი.

ამ მოზრდილ ნავში მერვე საუკუნეში განსვენებული კაცი იყო დაკრძალული. ახლად გარდაცვლილი ქალის 7-8 მეტრიანი სამარხი ნავი სათუთად მოათავსეს 9-10 მ სიგრძის ძველ ნავში, იქ დამარხული კაცის ჩონჩხზე და მიწა მიაყარეს.

ამ ფაქტმა არქეოლოგები საგონებელში ჩააგდო. ვინ იყო ეს კაცი ან ეს ქალი? რატომ დამარხეს ისინი ერთად?

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მუზეუმის არქეოლოგის, რეიმონდ სოვაჟის განცხადებით, მას ახსოვს ფაქტები, როცა ერთ სამარხში რამდენიმე ნავი იყო მოთავსებული, მაგრამ არასოდეს უნახავს ერთ ნავში ზემოდან ჩამარხული მეორე ნავი.

საკითხის შესწავლის შემდეგ მან გაარკვია, რომ 1950-იან წლებში, ორმაგი ნავი სამარხები სამხრეთ ნორვეგიაშიც არის აღმოჩენილი, მაგრამ ეს ფენომენი დღემდე ამოუხსნელია.

სამარხი ახალი გზის გაყვანისას აღმოაჩინეს და გათხრებიც დაუყოვნებლივ დაიწყო. საფლავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თითქმის მთლიანად იყო დაშლილი ორივე ნავის ხე; ცუდი ნიადაგის გამო, დაშლილი იყო გარდაცვლილთა ძვლებიც.

თუმცა, შემორჩენილი იყო რამდენიმე გადამწყვეტი ელემენტი. ადგილზე, ხელუხლებლად იყო პატარა გემის კილი (ქვედა ნაწილი), ასევე აგებისას გამოყენებული ლითონის ლურსმნები. გამომდინარე აქედან, არქეოლოგებმა ნავების რეკონსტრუქცია შეძლეს.

ასევე შემონახულია საფლავში ჩატანებული ლითონის ნივთები და ქალის თავის ქალის ფრაგმენტები. შესაბამისად, მეცნიერებმა ძვლების ანალიზი შეძლეს, მაგალითად, იზოტოპთა ანალიზები, რომლის საშუალებითაც დადგინდა, სად ცხოვრობდა ეს ქალი და რას ჭამდა.

მეტი დეტალის გამოვლენა შეუძლია დნმ-ის ანალიზებსაც, მაგალითად, როგორ გამოიყურებოდა ის, რა წარმომავლობის იყო, რამდენი წლის დაიღუპა, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არქეოლოგთა განცხადებით, საფლავში ნაპოვნ ნივთებს შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ჯვრის ფორმის გულსაბნევი. მისი წინა მხარის ფორმა და მახასიათებლები მიუთითებს, რომ ის ერთ დროს ცხენის აღკაზმულობის ნაწილი იყო, რომელიც ირლანდიაშია დამზადებული.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალი წარმოადგენდა ოჯახს, რომელიც ოკეანის გადასწვრივ თავდასხმებში მონაწილეობდა. ასეთი ქმედებები კი იმ დროის ვიკინგებისათვის უმნიშვნელოვანესი საქმიანობა იყო.

ისტორიკოს ანა ჰეენ პეტრსენის განცხადებით, ვიკინგებში საკმაოდ გავრცელებული იყო ცხენის აღკაზმულობისთვის დეკორატიული ნაწილების მოძრობა და სამკაულებად გამოყენება.

მისი თქმით, ვიკინგების რეიდების დროს მოპოვებული სამკაულის გამოყენება დანარჩენი საზოგადოებისგან გამორჩეულობის აშკარა ნიშანია, რადგან ამ შემთხვევაში, იმ ჯგუფის ნაწილი უნდა ყოფილიყავი, რომელიც ასეთ მოგზაურობებში მონაწილეობდა.

რაც შეეხება კაცს, მის საფლავში შემორჩენილია მხოლოდ ჩატანებული ნივთების კვალი — მახვილი, ფარი და შუბი. ისინი ქალს ნამდვილად არ ეკუთვნის, რადგან სამარხში ორი ნავია და თანაც, მახვილი მე-8 საუკუნის სტილისაა.

უცნობია, ვინ იყო იგი და რატომ დაკრძალეს მის ზემოდან ქალი, მაგრამ სავარაუდოა, რომ ისინი ერთმანეთთან იყვნენ კავშირში. ვიკინგებისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, არა მხოლოდ სტატუსის, არამედ ლეგალური მიზეზების გამოც.

სოვაჟის თქმით, შუა საუკუნეების კანონის თანახმად, ქონების განკარგვის უფლების მისაღებად, უნდა დაგემტკიცებინა, რომ შენი ოჯახი ამ მიწას ხუთი თაობის განმავლობაში ფლობდა. თუკი საკუთრების უფლების შესახებ რაიმე ეჭვი არსებობდა, წარმომავლობა სამარხებით უნდა დაგემტკიცებინა.

მკვლევართა აზრით, ეს ორი ადამიანი ერთ სამარხში იმიტომ დაასაფლავეს, რომ ხაზი გაესვათ ამ მიწაზე ოჯახის საკუთრებისთვის. ამ დროისათვის, მათი ნათესაობა ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ კვლევები აქტიურად გრძელდება.

მომზადებულია norwegianscitechnews.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.