ნორვეგიაში აღმოაჩინეს ვიკინგების ხანის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს — #1tvმეცნიერება
ნორვეგიაში აღმოაჩინეს ვიკინგების ხანის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს — #1tvმეცნიერება

ნორვეგიაში, ტრენდელაგში აღმოჩენილი ვიკინგების ხანის სამარხი არქეოლოგებს ისტორიულ საიდუმლოს სთავაზობს.

საოცრად კარგად შემონახული საფლავი ეკუთვნის ქალს, რომლის პირთან განზრახ, ფაქიზადაა ჩაწყობილი ზღვის სავარცხელას ნიჟარები.

ის არა მხოლოდ პირველი ქრისტიანობამდელ ვიკინგური სამარხია, არამედ ასევე არ აქვს აშკარა პარალელი გამოქვეყნებულ არქეოლოგიურ ჩანაწერებთან.

„ყველაზე გამორჩეული რამ არის გარდაცვლილი ქალის პირთან დალაგებული ორი ზღვის სავარცხელას ნიჟარა. ეს პრაქტიკა ნორვეგიაში ქრისტიანობამდელ სამარხებში აქამდე აღმოჩენილი არ იყო. ჯერ კიდევ ერ ვიცით, რისი სიმბოლოა ეს“, — ამბობს ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არქეოლოგი რაიმონდ სოვაჟი.

აღმოჩენა ჯერ ოფიციალურად არ აღწერილა სამეცნიერო პუბლიკაციაში, მაგრამ სამარხის შემადგენლობის ადრეული კატალოგი ნიჟარებს კიდევ უფრო მეტ თავსატეხად აქცევს.

საფლავის პირველი ნიშნები ლითონის დეტექტორით როი სორენგმა დააფიქსირა, რომელმაც ტრენდელაგის საგრაფოში, ბიუგნის მუნიციპალიტეტში, მინდვრების კვლევისას ვიკინგების ხანისთვის დამახასიათებელი ბრინჯაოს გულსაბნევი აღმოაჩინა.

მან და მიწის მფლობელმა, არვე ინსტრანდმა აღმოჩენის შესახებ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მუზეუმს და ტრენდელაგის საგრაფოს საბჭოს აცნობეს, რომლებმაც შესასწავლად ექსპერტები გააგზავნეს.

მინდვრის უფრო დეტალური კვლევით აღმოაჩინეს ვიკინგების ეპოქის ქალის სამარხი, რაც თავის მხრივ უკვე იშვიათობაა, რადგან ნორვეგიის ნიადაგის მჟავიანობა ნარჩენებს საკმაოდ სწრაფად და სრულად შლის.

მიუხედავად იმისა, რომ საფლავის დიდი ნაწილი დეგრადირებულია, მაინც საკმარისადაა შემორჩენილი, რათა არქეოლოგებს განესაზღვრათ მთავარი ფაქტები იქ დამარხული ქალის შესახებ — კერძოდ, ორი ოვალური ბროში, რომელიც კაბის თასმებზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული და რგოლისებრი ბალთა, რომელიც ქალის ქვედაბოლოს შესაკრავი უნდა ყოფილიყო.

„ვიკინგების ეპოქის საფლავში მარხია ქალი, ვიკინგებისთვის დამახასიათებელი კოსტიუმით და სამკაულებით, რომელიც 800-იანი წლებისაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის თავისუფალი და სავარაუდოდ გათხოვილი ქალი იყო, შესაძლოა, ფერმის დიასახლისი“, — ამბობს სოვაჟი.

თუმცა, ზღვის სავარცხელას ნიჟარებს ჩვენთვის ცნობილი პრეცედენტი არ აქვს. ისინი ქალის ორივე ყბის აქეთ-იქით ალაგია, ნიჟარის გარეთა მხარე გარე მიმართულებითაა მოქცეული, სახსრის ხაზები ლოყებისკენ, მუცლის კიდეები კი მის კისერთან არის ახლოს.

საფლავში ასევე აღმოაჩინეს სათუთად ჩამწკრივებული ფრინველის რამდენიმე ძვალი, სავარაუდოდ ფრთის ნაწილის — ასეთ სამარხ ჩანართსაც ცოტა პრეცედენტი თუ აქვს. ალბათ ყველაზე კარგად ცნობილი მაგალითია დედისა და ჩვილის 6000 წლის დანიური სამარხი, რომელშიც ჩვილი სათუთად არის დაწვენილი გედის ფრთაზე.

ისტორიის სხვადასხვა დროსა და ადგილას ზღვის სავარცხელას ნიჟარებს გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ ჩვენთვის ცნობილთაგან არცერთი არაა მე-9 საუკუნის სკანდინავიიდან.

მაგალითად, ძველბერძნულ და რომაულ პერიოდში, ზღვის სავარცხელას ნიჟარები დაკავშირებული იყო აფროდიტე/ვენერასთან და სიმბოლურად განასახიერებდა ნაყოფიერებას, დაბადებას და ქალურობას.

მე-11 საუკუნეში ეს ნიჟარა პილიგრიმობისა და სულიერი მოგზაურობის ძლიერი ქრისტიანული სიმბოლო გახდა.

პოტენციურად ასე იქნებოდა დაკრძალვის რიტუალებშიც, მაგრამ ეს კონკრეტული მნიშვნელობა ამ ნორვეგიული სამარხიდან საუკუნეების შემდეგ გამოჩნდა.

ნიჟარები და ნიჟარის ფრაგმენტები მთელ მსოფლიოში მრავალ საფლავშია აღმოჩენილი, ზოგჯერ ოკეანიდან ძალიან შორს. მაგალითად, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანის პოლონეთის სამარხ კონტექსტში, Spondylus-ის ორსაგდულიანი ნიჟარები განასახიერებდა სიმდიდრეს, პრესტიჟს და გრძელმანძილიან კავშირებს.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგები ჯერ ვერ ხსნიან, რატომ იყო ამ საფლავში ნიჟარები, სხვა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ნიჟარები ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ სამარხში მათი სათუთი ჩალაგება კი უნდა მიუთითებდეს დაკრძალული ადამიანის მნიშნველობაზე.

მკვლევრები ახლა ამ ქალის შესახებ უფრო მეტს იკვლევენ და იმედი აქვთ, რომ დაადგენენ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი ამავე მინდორზე წარსულში აღმოჩენილ სამარხთან, რომელიც ახ. წ. 700-იანი წლებით თარიღდება.

მომზადებულია norwegianscitechnews.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.