ნონა მამულაშვილი - სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ათი ქვეყნის 100-მილიონიანი ბაზრის ათვისებისთვის ბიზნესპლატფორმა იქმნება
ნონა მამულაშვილი - სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ათი ქვეყნის 100-მილიონიანი ბაზრის ათვისებისთვის ბიზნესპლატფორმა იქმნება

სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ათი ქვეყნის 100-მილიონიანი ბაზრის ათვისებისთვის ბიზნესპლატფორმა იქმნება. ფოკუსი, ძირითადად, ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება. ამის შესახებ კავკასიის ეკონომიკური ინსტიტუტის დამფუძნებელმა და შვეიცარიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ნონა მამულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში ამერიკული „რამსფელდის ფონდის“ პროგრამის ფარგლებში არსებული პოტენციალი განიხილეს, რომელიც ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ათ ქვეყანას აერთიანებს მონღოლეთისა და ავღანეთის ჩათვლით.

აღნიშნული პროგრამა უკვე 10 წელია, მიმდინარეობს და ის, ძირითადად, პროგრამის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების ექვსკვირიან ვიზიტს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები ხვდებიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბოლო ვიზიტი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში შედგა და მის საკვანძო საკითხს პროგრამის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დამყარების თემაც აქტიურად განიხილებოდა.

„ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომლის გარშემოც ძალიან ბევრი კითხვა ისმოდა და მე პირადად მაინტერესებდა. საქმე ისაა, რომ საქართველოს 3.7-მილიონიანი მოსახლეობა შესაძლოა, ამერიკისთვის მიმზიდველი ბაზარი არ იყოს, მაგრამ როგორც ვამბობთ, სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უფრო პოლიტიკური ჟესტია, იმისათვის, რომ საქართველოსთან არსებული ურთიერთობა გამყარდეს და ხაზი გაესვას ჩვენს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მისი ინფორმაციით, „რამსფელდის“ პროგრამის ფარგლებში ბოლო ვიზიტის დროს ხაზი გაესვა, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო რეფორმატორი ქვეყანაა და ამიტომ ის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს, რომ ე.წ. დიდი აზიის ქვეყნებთან წვდომა გაადვილდეს. მამულაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მოცემულ მომენტში აღნიშნული რეგიონის ათ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ 11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ეს 100-მილიონიანი ბაზარი, პრაქტიკულად, აუთვისებელია.

„ამ ექვსი კვირის განმავლობაში რაც დავინახეთ, არის ის, რომ ამ ქვეყნებს ერთმანეთს შორის ძალიან მცირე სავაჭრო ურთიერთობა და მცირე ტურისტული მიმოსვლა გვაქვს. ბევრ ქვეყანას ერთმანეთთან პირდაპირი კავშირიც კი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად არიან. ამ ექვსკვრიანი ვიზიტის შედეგი ის იყო, რომ ამ რეგიონის უზარმაზარი პოტენციალი დავინახეთ, რაც აუთვისებელია. არ არსებობს პლატფორმა, სადაც დავსხდებით და ერთმანეთს დაველაპარაკებით. ამ შემთხვევაში ბიზნესს ვგულისხმობ – რა შესაძლებლობები გვაქვს, რა ბარიერები არსებობს, როგორ გადავლახოთ ისინი და გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ურთიერთობა“, – განმარტა ნონა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „რამსფელდის“ პროგრამის ათი მონაწილე ქვეყანა ერთიანი ბიზნესპლატფორმის შექმნაზე შეთანხმდა.

„შესაბამისად, დაგვებადა იდეა, რომ აუცილებლად შეიქმნას ბიზნესპლატფორმა, სადაც ამ ქვეყნებდიან წამოსული ბიზნესორგანიზაციები ერთმანეთს არსებულ პოტენციალზე დაელაპარაკებიან და უფრო მყარ, მჭიდრო ურთიერთობას დაამყარებენ. ამ პლატფორმას ორგანიზაციის სახე ექნება. დამატებით დეტალებს შემდეგ გადაცემაში მოგახსენებთ“, – განუცხადა ნონა მამულაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.