ნონა მამულაშვილი - პარტიის გაჯანსაღებაზე საუბრის ნაცვლად, ერთმანეთს ტალახს ვესვრით, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, ასეთი რიტორიკა თუ გაგრძელდება, პარტია დიდი რისკის წინაშე დადგება
ნონა მამულაშვილი - პარტიის გაჯანსაღებაზე საუბრის ნაცვლად, ერთმანეთს ტალახს ვესვრით, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, ასეთი რიტორიკა თუ გაგრძელდება, პარტია დიდი რისკის წინაშე დადგება

სამწუხაროდ, არის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადავკვეთოთ და კამპანია ღირსეულად უნდა ვაწარმოოთ, ისე, რომ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ არ შეგვრცხვეს, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მამულაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ისაუბრონ პარტიის გაჯანსაღებაზე და იმის შესახებ, როგორ შეცვალონ პარტიაში არსებული სტაგნაცია, ერთმანეთს ტალახს ესვრიან. მისივე განცხადებით, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი.

„მინდა, კოლეგებმა ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრონ. პირველ რიგში, ისაუბრონ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე და, რა თქმა უნდა, პარტიის გაჯანსაღებაზე და არა პოლარიზაციის გაღრმავებაზე, რადგან პარტია არ უნდა დაიშალოს. ასეთი რიტორიკა თუ გაგრძელდება, პარტია ძალიან დიდი რისკის წინაშე დადგება. პარტიას არ აქვს ფუფუნება, რომ ის ნებისმიერმა წევრმა დატოვოს, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპულ ღირებულებაზე ორიენტირებული პარტია და ასე უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობ, მე შევძლებ, ვიყო ის ადამიანი, რომელიც გააერთიანებს ყველა მხარეს, რომელიც შეძლებს, პარტიის გაძლიერებისთვის გამოიყენოს ყველა კანდიდატის ძლიერი მხარე, დაამყაროს პარტიაში მეტი დისციპლინა, გააჯანსაღოს შიდა სტრუქტურა, გამართოს მენეჯმენტი, დაამყაროს დასავლეთთან ბევრად მჭიდრო კომუნიკაცია და „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ 2024 წლის არჩევნებში ძლიერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილის თქმით, „ფარული ჩანაწერები ყველანაირად მიუღებელია“.

„ჩვენ ამიტომ ვებრძვით „ქართულ ოცნებას“, ეს ხელწერაც „ქართული ოცნების“ ნამოქმედარს ჰგავს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კანდიდატმა შეძლოს, ღირსეული კამპანია აწარმოოს, რომელიც აგებული იქნება მომავალზე, პარტიის გაერთიანებაზე და არა ერთმანეთის ლანძღვაზე“, – აღნიშნა მამულაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, განაგრძობს თუ არა პარტიაში მუშაობას, მამულაშვილმა აღნიშნა:

„მე განვაგრძობ მუშაობას ყველგან, სადაც საჭირო იქნება, იქნება ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუ ნებისმიერ სხვა სტრუქტურაში, რათა დამარცხდეს „ქართული ოცნება“, რომელიც, სამწუხაროდ, ღია პრორუსული ძალაა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ იმაზე კონცენტრაცია, რომ ჩვენ დასამარცხებელი გვყავს ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და საქართველო გამოსაგლეჯია რუსული კლანჭებიდან“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.