გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები თუ აპირებენ პარლამენტიდან გამოსვლას, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა, პარლამენტიდან გამოხვიდე და „ფეისბუქზე“ აკაკუნო, ამის აზრს ვერ ვხედავ
გიორგი მუმლაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები თუ აპირებენ პარლამენტიდან გამოსვლას, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა, პარლამენტიდან გამოხვიდე და „ფეისბუქზე“ აკაკუნო, ამის აზრს ვერ ვხედავ

ახლა პარლამენტიდან გამოხვიდე და ისევ „ფეისბუქზე“ აკაკუნო ან ოფისში დაჯდე, მე ამის აზრს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძე ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი ინიციატივით გამოდიან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა: უნდა დატოვოს თუ არა ენმ-მ პარლამენტი?

მუმლაძის თქმით, აღნიშნული საკითხის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან მიბმა უაზრობაა.

„როდესაც ჩატარდა 2020 წლის არჩევნები და დაიდო გაყალბების ფაქტები, რომლის გამოკვლევაშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, იმ დღიდან ვაპროტესტებთ და ვითხოვდით, ვადამდელი არჩევნები დანიშნულიყო. კარვებში ვიწექით და მაშინ, მათ შორის, იმ დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, ქუჩაში მყოფ ხალხს გადაგვაბიჯეს. ამიტომ ამ არჩევნებთან ამ საკითხის მიბმა, მგონია, რომ ცოტა უაზრობაა. ამ საკითხის არჩევნებთან მიბმა არასწორი მგონია, რადგან ეს თავიდანვე არალეგიტიმური პარლამენტი იყო, თავიდანვე არ უნდა შესულიყვნენ. დეპუტატები თუ აპირებენ, რომ გამოვიდნენ პარლამენტიდან, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა. ახლა პარლამენტიდან გამოხვიდე და ისევ „ფეისბუქზე“ აკაკუნო ან ოფისში დაჯდე, ამ ამბავში მე აზრს ვერ ვხედავ. ახლა მთავარი საკითხია მიშას თავისუფლების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რათა პარტია უბრალოდ გაძლიერდეს და პროცესს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია“, – განაცხადა მუმლაძემ.

ამასთან, მუმლაძე გამორიცხავს, რომ დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.

„არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ის არის შექმნილი და შეკრული მიხეილ სააკაშვილის იდეების გარშემო. ეს იდეები ვისაც არ მოსწონს და ვერ არის მასთან თანხვედრაში, ალბათ გაიწევიან ამ პარტიიდან, როგორც თავის დროზე გაიწია ის ხალხი, რომლებიც წავიდნენ და თქვეს, რომ არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ, მათ ძალიან ცუდი რამ დაემართათ პოლიტიკურად, ელექტორული თვალსაზრისით“, – განაცხადა მუმლაძემ.