ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა, უნდა დატოვოს თუ არა ენმ-მ პარლამენტი
ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს დაემატოს კითხვა, უნდა დატოვოს თუ არა ენმ-მ პარლამენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვოს პარლამენტი. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„გვინდა, მოგმართოთ ინიციატივით – მეათე მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი საქართველოს ისტორიაში. ამას აჩვენებდა ნდობის პროცენტი, 16%, რომელიც პარლამენტს აქვს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა საქართველოს ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა წინა მოწვევის პარლამენტების სულისკვეთებას, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყველა წითელი ზღვარი გადალახა, კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ჩვენ ვფიქრობთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ესაქმება ე.წ. პარლამენტში. ასე ვფიქრობდი მანამდეც და ამიტომ მივიღე ინდივიდუალური გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარლამენტი“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ამასთან, როგორც გიორგი ხვედელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, სამართლიანი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს დაემატება კითხვა – უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს. მათთვის გაუგებარია, რა აკავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში. თუმცა კონკრეტული დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მათი საპარლამენტო საქმიანობა არის ეფექტიანი. რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკური პროცესის ეფექტიანობას განსაზღვრავს საზოგადოება. მოგმართავთ სამართლიანი ინიციატივით: როგორც ხალხს ვეკითხებით, ვინ უნდა იყოს თავჯდომარე, ამავე ხალხს ვკითხოთ, უნდა დარჩეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ ის ნაბიჯი გადადგას, რასაც ამომრჩეველი მოითხოვს. მოგმართავთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტსაბჭოს, 28-29 იანვარს გასამართ არჩევნებს დაემატოს კითხვა: უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.