ნონა მამულაშვილი - მოვუწოდებ ჩემს კონკურენტებს, მაქსიმალურად ვეცადოთ, ღირსება შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ მხარდამჭერებს, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები
ნონა მამულაშვილი - მოვუწოდებ ჩემს კონკურენტებს, მაქსიმალურად ვეცადოთ, ღირსება შევინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ მხარდამჭერებს, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები

ძალიან დიდი აქტივობაა, ვხედავთ, რომ ჩვენი მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იყო ტექნიკური შეფერხებები, რომლის აღმოფხვრაზეც უკვე მუშაობენ.

„როგორც გვეუბნებინ, დღის ბოლომდე მოგვარდება ეს პრობლემა. დანარჩენი, ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი აქტივობით გამოირჩევა ეს არჩევნები“,- აღნიშნა მამულაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუს შესახებაც ჰკითხეს. მამულაშვილის თქმით, საარჩევნო პროცესისთვის ურთიერთბრალდებები საზიანოა.

„გავეცანი ამ ინტერვიუს. ვნახეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ვფიქრობ, ის, რაც ეწერა, სამწუხაროდ, იყო მანიპულირებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა, რომ გამოეყენებინა ეს სასარგებლოდ ან საზიანოდ. ყველა შემთხვევაში, საზიანოა, რომ პროცესი ასეთ დაძაბულ, ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. მოვუწოდებ ჩემს თანაპარტიელებს და კონკურენტებს, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ღირსება შევინარჩუნოთ და ვეცადოთ, რომ მანიპულირება არ მოვახდინოთ რამე კონკრეტული საგნის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაჩვენოთ მოსახლეობას და მხარდამჭერებს, რომ შეგვიძლია წითელი ხაზების გადალახვის გარეშე ვაწარმოოთ კამპანია და ვაჩვენოთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. ჩვენ ისე უნდა დავასრულოთ ეს კამპანია, რომ ბოლოს არ შეგვრცხვეს, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ“, – განაცხადა მამულაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ გამოცემა „შპიგელში“ გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს: „არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათ შორის, ვინც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემს დაბრუნებას გეგმავდა, რუსეთის ჩანერგილი აგენტი იყო“.

ამასთან, ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ასევე დაუსვეს კითხვა ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელშიც, „შპიგელის“, ჟურნალისტის თქმით, ჩანს მისი მხრიდან კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიის გამოხატვა და გარშემო ნივთების გადაყრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მოსამართლე და პროკურორები მის პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება ჰქონდა და წამლებიც ამიტომ დაყარა.