ნინო ლომჯარია - მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები, რაც ხანძრებთან დაკავშირებით ჩნდება
მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები, რაც ხანრძების გაჩენასთან მიმართებაში ჩნდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ბარზობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკაშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები მანამ იარსებებს, სანამ წინა წლებში გაჩენილი ხანძრების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი.
„სანამ ჩვენ არ გვაქვს წინა წლების განმავლობაში არც ერთი მსგავსი ხანძრის გამომწვევი მიზეზები დადგენილი და გამოძიებას არ გაუცია კითხვებზე პასუხი, რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ შემთხვევითობა, არამედ განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს ის კითხვები, რაც ამ საქმეებთან მიმართებით ჩნდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.
გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია მინიმუმ 3000 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.