ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს 
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეგულაციები უნდა გამკაცრდეს 

შრომის უსაფრთხოების დაცვა, კონტროლი და რეაგირება დღეს ნამდვილად პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებისას 47 ადამიანი დაიღუპა, წელს კი, უკვე ორი შემთხვევა იყო, რომელიც მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დასრულდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კონტროლის მექანიზმი არაეფექტიანია.

„იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ხდება შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება და გაიცემა რეკომენდაციები, მეორადი ინსპექტირებისას რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია. კანონმდებლობაც პრობლემატურია, სანქციები არაეფექტიანია, გამოძიების თვალსაზრისით კი, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დგება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, საქმეები ძირითადად, საპროცესო გარიგებით სრულდება, მხოლოდ სამ შემთხვევაში იქნა შარშან საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული.

„90 საქმიდან, რაც შარშან სასამართლოებმა განიხილეს, 72 პროცენტი საპროცესო გარიგებით დასრულდა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს მკაცრი მიდგომა და დამსაქმებლებს არ აქვთ განცდა, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევის დროს, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია გამოსავალს საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს.

„გამოსავალი არის საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაში, უფრო ქმედითი და ეფექტიანი კონტროლის განხორციელებაში. ასევე, დამსაქმებლებმა უნდა იცოდნენ, რომ შრომის უსაფრთხოების დარღვევას არ მოჰყვება მხოლოდ ფინანსური ჯარიმა, არამედ ის გაითვალისწინებს მკაცრ პასუხისმგებლობას და ეფექტიანი გამოძიება წარიმართება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მიმდინარე წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შახტი დროებით დაიხურა.