ნინო ცაციაშვილი - პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან კომუნიკაცია მხოლოდ მშობლის თანდასწრებით ხორციელდებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდის გამოკითხვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„გიდასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 3-4 წუთი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს. აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე და რეალურად, აღნიშნული ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედასთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და ამ სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. ამასთან მინდა, აღვნიშნო, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხაზგასმით აღნიშნა რომ, გამოკითხვისას მოზარდი როგორც პირველ, ასევე მეორე დღეს მშობელთან ერთად იმყოფებოდა:
„როგორც პირველ დღეს, ასევე მეორე დღეს კომუნიკაცია არასრულწლოვანთან ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით და გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა პირველ დღეს არასრულწლოვნის დედა. რაც შეეხება არასრულწლოვნის ძმას, მას არანაირი შეხება არ აქვს სისხლის სამართლის საქმესთან, შესაბამისად, მასთან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ ყოფილა“,- განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.