ნინო ცაციაშვილი - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში და ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად დააფიქსიროს თავისი ნება
მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში და ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად დააფიქსიროს თავისი ნება, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს რადიოს ეთერში.
ნინო ცაციაშვილმა მოქალაქეების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც სამინისტროს არჩევნებთან დაკავშირებით მიაწვდიან, იყოს მაქსიმალურად ზუსტი, ხოლო შეტყობინების ავტორებმა შემდგომშიც გააგრძელონ ამ ინფორმაციის ირგვლივ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადმოსახედიდან რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში. ნებისმიერ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისუფლად დააფიქსიროს თავისი ნება საარჩევნო ყუთთან.
რაც შეეხება მოქალაქეების მხრიდან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდიან, იყოს მაქსიმალურად ზუსტი. შემდგომშიც გააგრძელონ ამ ინფორმაციის ირგვლივ ჩვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ამოსავალი წერტილი ჩვენთვის დღეს არის – არც ერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე და მხოლოდ საჯარო განცხადებებით ნუ შემოიფარგლებიან, შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოხატონ და დააფიქსირონ, რომ რეალურად ის შედეგები, რაც გულისხმობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ეფექტიან რეაგირებას ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ობიექტურად იყოს მიღწევადი პოლიციის მხრიდან.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ მზაობა გვაქვს თანამშრომლობის ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას და ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულად და ერთობლივად შევძლებთ, დაკისრებული ფუნქციები და მოვალეობები მაქსიმალურად ზედმიწევნით შევასრულოთ“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.