ლევან მახაშვილი – ოპოზიციონერები პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან ვისმენთ

18:16, 16.11.2026

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან.

მახაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ეს არის პოლიტიკურ ჟონგლიორობა.

„პოლიტიკური ჟონგლიორობაა, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერები როგორც ცდილობენ, სხვა შეფასებები გააკეთონ იმისგან, რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ეს ადამიანები საზოგადოებას პირდაპირ ეთერში თვალის დაუხამხამებლად ნაცარს აყრიან. ნიკა გვარამიას კოალიციის წევრები და მისი პარტიის წევრები ძალადობაში იყვნენ ჩართული. რაც მთავარია, მას შემდეგ ამ პროცესს არცერთი სიტყვით არ გამიჯვნიან. არათუ არ გამიჯნულან, პირიქით, ამ ადამიანებს დღემდე გმირებს უწოდებენ, პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისად, სრულად იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მისი კოალიციის წევრებმა, თუ პარტიის წევრებმა განახორციელეს. ამიტომ, რასაც ვუსმენთ, არის პოლიტიკური ჟონგლიორობა, რომ რაღაცნაირად სცადონ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გაქცევა. იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პოლიტიკურ ჟონგლიორობას არანაირი შედეგი არ ექნება, მთავარია, სამართლებრივი არგუმენტები.

ეს ადამიანები თავად აღიარებენ აქციების ორგანიზატორობასაც და იმას, რომ ძალადობისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტები სწორედაც მათ პარტიებში, მათივე დაკვეთით, მათივე მხარდაჭერით და მათივე დაფინანსებით იყო შენახული. უფრო მეტიც, მომავალშიც იმავეს ვაპირებთო, ელენე ხოშტარიას განცხადებებიც გვახსოვს. იმედია, პოლიტიკური ჟონგლიორობა მხოლოდ პოლიტიკურ შოუდ დარჩება და ამას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, თუ გავლენა არ ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

მსგავსი