ნინო ცაციაშვილი - ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ნინო ცაციაშვილი - ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნინო ცაციაშვილმა 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რომელზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.

„როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება. შესაბამისად, ამ საათის მონაცემებით, მცირე ინციდენტები იყო, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.