შსს-ში აცხადებენ, რომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არც ერთხელ მიუცია
„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასრულწლოვნის გამოკითხვის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განმარტებები გააკეთა და ბრიფინგის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.
ნინო ცაციაშვილმა არასრულწლოვნის მიერ, სავარაუდო ზეწოლის შედეგად აღიარების ფაქტზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„აღიარებასთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს მის მიერ აღიარებითი ჩვენება არ ყოფილა დაფიქსირებული და საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით რომ მხოლოდ ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია,“ – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.