ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებთ, მომავალ წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება
ნიკოლოზ სამხარაძე - ვიმედოვნებთ, მომავალ წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. სამხარაძე მადრიდში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, IPU-ს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაუ მარი-კლოსესთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და სექტორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

„ჩემს ესპანელ კოლეგასთან შეხვედრაზე, ძირითადად, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების განვიხილეთ. ვესაუბრეთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გასაკეთებელ განაცხადზე, ავუხსენით, რატომ ავირჩიეთ ამისთვის 2024 წელი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების დიდი ნაწილის შესრულება. ესპანეთის მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ჩემმა ესპანელმა კოლეგამ ამ შეხვედრაზეც დაგვიდასტურა, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს როგორც ნატოში, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანებას. შევთანხმდით პარლამენტებს შორის თემატურ თანამშრომლობაზე და ესპანური დელეგაცია საქართველოში მოვიწვიეთ. ეს ვიზიტი მომავალ წელს შედგება“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრები გაიმართა აფრიკული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს შეეხებოდა.

„საქართველო, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიურად არეგისტრირებს იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების რეზოლუციას, რომელსაც, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. სწორედ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი აფრიკული ქვეყნების დელეგაციებთან. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის მხრიდან გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებზე და მათ ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერა ვთხოვეთ. ეს ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაგვიდასტურეს, რომ მათი ეს პოზიცია მყარია, თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩვენს რეზოლუციებსაც დაუჭირონ მხარი. მათგან მივიღეთ დაპირება, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.