ნიკოლოზ სამხარაძე - სახელმწიფო ვალდებულია, საელჩოსა თუ საკონსულოში, სადაც აღრიცხვაზე იქნება 50-ზე მეტი ადამიანი, საარჩევნო უბანი გახსნას და ასეც მოხდება
ნიკოლოზ სამხარაძე - სახელმწიფო ვალდებულია, საელჩოსა თუ საკონსულოში, სადაც აღრიცხვაზე იქნება 50-ზე მეტი ადამიანი, საარჩევნო უბანი გახსნას და ასეც მოხდება

საელჩოსა თუ საკონსულოში, სადაც აღრიცხვაზე იქნება 50-ზე მეტი ადამიანი, კანონით, სახელმწიფო ვალდებულია, საარჩევნო უბანი გახსნას და ეს ასეც მოხდება, თუ ჩვენი ქვეყნის ყველა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობაში 50-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდება, საარჩევნო უბანი გაიხსნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ნიშნავს, რომ საკონსულო ამ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს საკონსულოებია.

„რაღაც უაზრო განცხადებები მოვისმინე, რომ თითქოს საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს, რაც სრული აბსურდია. საარჩევნო უბანი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას და ეს არის ან საელჩო ან საკონსულო. სხვა ნებისმიერი დაწესებულება საქართველოს ტერიტორიად ვერ ჩაითვლება. ყველას მოვუწოდებ, სისულელეებს ნუ ლაპარაკობენ და კანონმდებლობაში ჩაიხედონ. თუ ეს ყველაფერი იციან და საზოგადოება შეგნებულად შეცდომაში შეჰყავთ, ეს მეორე პრობლემაა. ვინ რატომ არ დგება საკონსულო აღრიცხვაზე, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მათი დიდი ნაწილი აღრიცხვაზე არ დგება, რადგან შეიძლება, მათ დიდ ნაწილს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეთ და ფიქრობდნენ, რომ აღრიცხვის შემდეგ სავიზო პრობლემა დაუდგეთ. მათ დავარწმუნებ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ნიშნავს, რომ საკონსულო ამ ინფორმაციას აწვდის იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოს საკონსულოებია, ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. მათ იმის საფუძველი არ აქვთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას თავი აარიდონ“, – განაცხადა სამხარაძემ.