ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის ლიდერის დაკავება ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ ძალა გადამეტებით იყო გამოყენებული
ნიკოლოზ სამხარაძე - ოპოზიციის ლიდერის დაკავება ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ ძალა გადამეტებით იყო გამოყენებული

როდესაც ოპოზიციის ლიდერს აკავებენ, ეს ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ დაკავების დროს ძალა გადამეტებით იყო გამოყენებული, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ნიკა მელიას დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან მელიას დაკავება პოლიტიკურად შეფასდა, როგორც არასასიამოვნო ფაქტი, რასაც მმართველი გუნდიც ადასტურებს.

„კრიტიკა და საერთაშორისო გამოხმაურებები ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. როდესაც ოპოზიციის ლიდერს აკავებენ, ეს ყოველთვის კრიტიკის საფუძველი ხდება, თუმცა არც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს არ უთქვამს, რომ დაკავების დროს იყო რაიმე ისეთი ექსცესი ან ძალა გადამეტებით იყო გამოყენებული. თვითონ ფაქტი პოლიტიკურად შეფასდა, როგორც არასასიამოვნო. ეს ჩემთვის მისაღებია და ჩვენც ვადასტურებთ, რომ ეს არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც ოპოზიციის ლიდერი საპატიმროში მიდის. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. ასე მან და მისმა პარტიამ აირჩიეს. ამ სიტუაციიდან გამოსავალი დღესაც არსებობს. კიდევ შეიძლება საპატიმროდან გათავისუფლდეს, თუ ის საჯარო განცხადებას გააკეთებს და მოინანიებს თავის დანაშაულს. იმ დანაშაულს, რომელსაც ის საჯაროდ ისედაც ადასტურებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაზეც, რომლის თანახმად, „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.

„ნიკა მელია რომ არ დაკავებულიყო და კანონი არ აღსრულებულიყო, ამ შემთხვევაში ევროინტეგრაციის გზაზე ერთი ნაბიჯით უკან არ წავიდოდით? ევროინტეგრაცია ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ ევროპასა და ნატო-ში გაწევრიანებული არიან სახელმწიფოები, სადაც მთავარი ფასეულობა სამართლის უზენაესობაა. საქართველოს მოქალაქეები, 3 700 000 ადამიანი, კანონის წინაშე თანასწორნი ვართ. ამიტომ თუ დასავლური სახელმწიფოს აშენება გვინდა, კანონსა და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. სხვანაირად ვერ გავხდებით ვერც ევროპის და ვერც ნატო-ს წევრები. ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ სახელმწიფოს ასე უხეშად გამოწვევას პასუხი სჭირდებოდა და ეს იყო, რამაც დღევანდელ სამწუხარო ფაქტამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.