ნიკა მელია - ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, სახლებში უნდა წავიდნენ და ხალხმა საქმის რეალურად გამკეთებელი შემადგენლობა აირჩიოს
ნიკა მელია - ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მართავენ, სახლებში უნდა წავიდნენ და ხალხმა საქმის რეალურად გამკეთებელი შემადგენლობა აირჩიოს

მოსახლეობა არ უნდა მოვატყუოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ ახლა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან გერთვებით, რადგან ჩვეულებრივი საგიჟეთიდან გერთვებით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ეს პარლამენტი რაც შეიძლება მალე უნდა დაიშალოს, ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყანას მართავენ, სახლებში უნდა წავიდნენ და ხალხმა საქმის რეალურად გამკეთებელი შემადგენლობა უნდა აირჩიოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცალკეული ოპოზიციური ძალების გაერთიანებას ცდილობს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ გაერთიანებაში გიორგი მარგველაშვილს, იმის მიუხედავად, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დაუწუნეს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტს საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება დაუწუნა და არა საქციელი.

„გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობის შესახებ კითხვა უადგილოა. მით უმეტეს უადგილოა დღეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მასთან უნდა ვითანამშრომლოთ. საინტერესოა, რატომ ფიქრობთ, რომ ბატონი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებს?! მე მგონი, ეს ყველაზე დიდი აბსურდი იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს რეგლამენტის გადახვევით სხდომის გაგრძელება შესთავაზა და საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. კენჭისყრის შედეგად, განხილვის ფორმატის შეცვლას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.