საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
„სანამ დეპუტატი გიგა ბუკია გამოვა, ნება მომეცით დებატის სახე მივცეთ ჩვენს დღევანდელ თავყრილობას, რადგან გარკვეულ კითხვებს, რომელიც იყო წარმოდგენილი შევეცადო, რომ ვუპასუხო. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები, დებატებში როდესაც გამოდიან დეპუტატები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ვისმენ გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რაიმე პროცედურა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები. აქ დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ეს არ გავაკეთე, რატომ ის გადაწყვეტილება არ მივიღე, მომეცით შესაძლებლობა შევიდე დებატებში დეპუტატებთან“, – მიმართა მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტით ზუსტად არის დადგენილი დებატების პროცედურა და პრეზიდენტს ექნება დასკვნითი სიტყვა, სადაც შესაძლებლობა მიეცემა, ყველა დასმულ კითხვას გასცეს პასუხი.
„ნებართვა უნდა ავიღო პარლამენტისგან, რადგან ეს არის რეგლამენტის დარღვევა. მარტო პარლამენტის თანხმობაც არ არის საკმარისი, გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტით ზუსტად არის დადგენილი დებატების პროცედურა. თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვა და ყველა დასმულ კითხვას გასცემთ პასხუხს. სხდომა მე მიმყავს ბატონო გიორგი“, – მიმართა კობახიძემ პრეზიდენტს.
მარგველაშვილის განცხადებით, თუ მას დეპუტატებთან დებატებში შესვლა არ შეეძება, მაშინ ეს არის მხოლოდ დეპუტატების გამოსვლის მოსმენა.
„გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ შემეძლოს დებატებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე უბრალოდ მოსმენა, დასკვნით სიტყვაში ვიტყვი, თუ შუაში ჩემი გადასაწყვეტია. შეიძლება დასკვნითი სიტყვა საერთოდ არ ვთქვა და შევიდე დებატებში დეპუტატებთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასწორი და კანონსაწინააღმდეგო იყო, რასაც პრეზიდენტი აკეთებდა. მარგველაშვილმა კი, პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მისთვის დებატებში შესვლის შესაძლებლობა მიეცა.
„მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“, – განაცხადა მარგველაშვილმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.