NASA-ს ახალმა ტელესკოპმა TESS-მა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა TESS-მა პირველი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა

NASA-ს პლანეტებზე მონადირე უახლესმა მისიამ პირველი აღმოჩენა გააკეთა — სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა, რომელიც თავის დედავარსკვლავის სიცხისგან თანდათან ორთქლდება.

კოსმოსური ტელესკოპი TESS-ი დედამიწის ორბიტაზე 2018 წლის 18 აპრილს, SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ით გაუშვეს. ტელესკოპი მზის სამეზობლოში ასობით ათას ვარსკვლავს აკვირდება და მათ სინათლეში მცირე ჩაბნელებებს ეძებს, რაც გამოწვეულია ვარსკვლავის წინ თავისი პლანეტების ჩავლით (ტრანზიტით).

TESS-ის მიერ ახლახან გამოგზავნილ პირველ სამეცნიერო მონაცემებში ასტრონომებმა ვარსკვლავ Pi Mensae-ს (მაგიდა მთის თანავარსკვლავედის პი, იგივე HD 39091) გარშემო ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. ეს ვარსკვლავი მდებარეობს ჩვენგან 59,5 სინათლის წლის მანძილზე, მაგიდა მთის თანავარსკვლავედში და არის მზის მსგავსი ყვითელი ჯუჯა.

Pi Mensae-ს გარშემო ერთი პლანეტა წარსულშიც აღმოაჩინეს. Pi Mensae b არის იუპიტერზე 10-ჯერ მასიური გაზის გიგანტი, აქვს ოვალური ორბიტა და თავის დედავარსკვლავს გარს უვლის 3 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილი მზესა და დედამიწას შორის).

თუმცა ახლახან, მეცნიერებმა Pi Mensae-ს გარშემო კიდევ ერთი პლანეტა იპოვეს. მისი დიამეტრი დედამიწისაზე 2,14-ით მეტია და არის ჩვენს პლანეტაზე 4,82-ჯერ მძიმე. ასეთი ტიპის პლანეტებს სუპერდედამიწებს უწოდებენ და მათი მასა ჩვენი მშობლიური პლანეტისას 2-10-ჯერ აღემატება. ახლად აღმოჩენილ პლანეტას სახელიც შეურჩიეს — Pi Mensae c. თავის დედავარსკვლავს ის გარს უვლის 0,07 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან, ანუ 50-ჯერ უფრო ახლოდან, ვიდრე მერკური მზეს.

კვლევის ავტორის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომის, ჩელსი ჰუანგის განცხადებით, Pi Mensae c-ს დიდი ალბათობით აქვს კლდოვანი ბირთვი და წყალბადისა და ჰელიუმის ვრცელი ატმოსფერო. მისივე თქმით, პლანეტა შესაძლოა, ამჟამად აორთქლების პროცესშიც იყოს, რადგან დედავარსკვლავისგან იღებს ძლიერ რადიაციას.

დამატებით დეტალებს Pi Mensae-ს ორი პლანეტის შესახებ შემდგომი დაკვირვებები გაარკვევს.

TESS-ი წარმოადგენს NASA-ს სახელგანთქმული კოსმოსური ტელესკოპის — კეპლერის მემკვიდრეს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჩვენთვის ცნობილი 3700 ეგზოპლანეტიდან, 70 პროცენტი სწორედ კეპლერის აღმოჩენილია, ასევე ტრანზიტის მეთოდით. TESS-ი მეცნიერთა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ეს ტელესკოპი ნაყოფიერებით კეპლერს გადააჭარბებს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.