სუპერდედამიწების საიდუმლო ამოხსნილია - კლდოვანი თუ გაზოვანი
სუპერდედამიწების საიდუმლო ამოხსნილია - კლდოვანი თუ გაზოვანი

ჩვენგან 100 სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავი GJ 9827 მასპინძლობს პლანეტას, რომელიც შესაძლოა, ამ დრომდე აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი სუპერდედამიწა იყოს. ამის შესახებ კარნეგის მკვლევრის, იოჰანა ტესკეს ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევა იუწყება. ამ ინფორმაციის წყალობით, ასტრონომები შესძლებენ უკეთ გაერკვნენ იმ პროცესებში, რომელთა შედეგადაც ეს პლანეტები წარმოიქმნება.

GJ 9827 სინამდვილეში მასპინძლობს სამ პლანეტას, რომლებიც NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისია K2-მა აღმოაჩინა. სამივე მათგანი დედამიწაზე ოდნავ დიდია. ეს ის ზომაა, რომელიც როგორც კეპლერის მისიამ განსაზღვრა, ყველაზე გავრცელებულია მთელ გალაქტიკაში. პლანეტათა ორბიტული პერიოდი რამდენიმე დღიდან ასობით დღემდე გრძელდება.

უცნაურია, რომ ამ ზომის პლანეტები ჩვენს მზის სისტემაში არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ ის გარემო პირობები, რომელშიც ისინი წარმოიქმნენ და განვითარდნენ.


პლანეტის ისტორიის გასარკვევად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია მისი შემადგენლობის განსაზღვრა. არიან თუ არა ეს სუპერდედამიწები კლდოვანი, ჩვენი პლანეტის მსგავსად? ან აქვთ თუ არა მყარი ბირთვი, რომელსაც გარს ვრცელი, აირადი ატმოსფერო აკრავს?

იმის გასარკვევად, თუ რისგან შედგება ეგზოპლანეტა, მეცნიერებს ესაჭიროებათ ჯერ დაადგინონ მისი მასა და რადიუსი, რაც სიმკვრივის განსაზღრის საშუალებას იძლევა.

როდესაც პლანეტებს ამ გზით აფასებდნენ, ასტრონომებმა გარკვეული ტენდენცია შენიშნეს. როგორც გაირკვა, დედამიწაზე დაახლოებით 1,7-ჯერ დიდი რადიუსის მქონე პლანეტები გახვეული არიან გაზოვან საბურველში, ნეპტუნის მსგავსად, ამაზე უფრო პატარა პლანეტები კი კლდოვანია, როგორც ჩვენი მშობლიური დედამიწა.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ამ სხვაობის მიზეზია ფოტოაორთქლება, რომელიც აცლის ე. წ. აქროლადების საბურველს. აქროლადი ნივთიერებებს მიეკუთვნება მაგალითად, წყალი და ნახშირორჟანგი, რომლებსაც დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვთ; შედეგად, ყალიბდება პატარა პლანეტა. თუმცა, ამ თეორიის შესამოწმებლად, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია.

სწორედ ამიტომ არის GJ 9827-ის სამი პლანეტა განსაკუთრებული — აქვთ რადიუსი 1,64 (პლანეტა b), 1,29 (პლანეტა c) და 2,08 (პლანეტა d); ავლებენ გამყოფ ხაზს სუპერდედამიწისა (კლდოვანი) და სუბ-ნეპტუნის (გაზოვანი) ტიპის პლანეტებს შორის.

კარნეგის მეცნიერთა ჯგუფი ვარსკვლავ GJ 9827-ს აკვირდებოდა თავიანთ პლანეტათა მძებნელი სპექტროგრაფით (PFS). მიღებული მონაცმების საფუძველზე, ადვილად გამოთვალეს სამივე პლანეტის მასა.


„როგორც წესი, როდესაც ხდება ტრანზიტული პლანეტის დაფიქსირება, თვეები და წლები სჭირდება მისი მასის განსაზღვრისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვებას. იქიდან გამომდინარე, რომ GJ 9827 კაშკაშა ვარსკვლავია, შეტანილი გვაქვს იმ ვარსკვლავთა კატალოგში, რომლებსაც პლანეტათა ძებნის მიზნით, კარნეგის ასტრონომები 2010 წლიდან უწევენ მონიტორინგს. იგი განსაკუთრებით კარგი სამიზნე აღმოჩნდა ინსტრუმენტ PFS-ისთვის“, — განმარტავს იოჰანა ტესკე.

სპექტროგრაფი კარნეგის მეცნიერებმა შექმნეს. განთავსებულია ჩილეში, კარნეგის ლას-კამპანასის ობსერვატორიის მაგელანის ტელესკოპზე.

როგორც PFS-ის დაკვირვებები მიუთითებს, პლანეტა b-ის მასა დედამიწისას რვაჯერ აღემატება და აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე მასიურ და მკვრივ სუპერდედამიწას. პლანეტა c-ის მასა დედამიწისაზე 2,5-ჯერ მეტია, d-ის კი ოთხჯერ, თუმცა, შეცდომის ალბათობა ძალიან მაღალია.

ეს ინფორმაცია გვთავაზობს, რომ პლანეტა d-ს აქვს აქროლადთა მნიშვნელოვანი საბურველი; ღია რჩება საკითხი, არის თუ იგივე მდგომარეობაში პლანეტა c. თუმცა, მასასთან დაკავშირებული უკეთესი მონაცემების მიღების შემდეგ ირკვევა, რომ პლანეტა b-ის 50%-ს რკინა შეადგენს.

„ამ სამი პლანეტის ზუსტი შემადგენლობის დასადგენად, საჭიროა მეტი მონაცემები. თუმცა, ისინი ნამდვილად საუკეთესო კანდიდატებია, რათა შევამოწმოთ ჩვენი თეორიები სუპერდედამიწათა წარმოქმნისა და განვითარების შესახებ. ამისათვის, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს გამოვიყენებთ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი შერონ ვანგი.

მომზადებულია carnegiescience.edu-ს მიხედვით

დატოვე კომენტარი