ნასა რამდენიმე პლანეტურ მისიას განიხილავს — მათ შორის რამდენიმე, ზედმეტად ამაღელვებელია
ნასა რამდენიმე პლანეტურ მისიას განიხილავს — მათ შორის რამდენიმე, ზედმეტად ამაღელვებელია

მარსის ყურება თვალწარმტაცია. მომაჯადოებელია მის წითელ ზედაპირს მიღმა ჩამავალი ლურჯი დაისის ფოტოებიც. ვერ უარვყოფთ, რომ მარსი გაცილებით მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე სხვა პლანეტები. ამ დროისათვის, მარსის გარშემო სხვადასხვა დროს გაგზავნილი ექვსი აქტიური ხომალდი მოძრაობს.

საკუთარი საიდუმლოები აქვთ მზის სისტემის სხვა პლანეტებსაც და სწორედ მათ ამოსახსნელად, ნასამ რამდენიმე პლანეტური მისიის კონცეპტი შეიმუშავა, რომლებიც უახლოეს წლებში უნდა განხორციელდეს.

ეს კონცეპტუალური კვლევები 2023 წელს გამოქვეყნდება და მათში განხილული იქნება მომდევნო ათწლეულის საკვანძო საკითხები და რეკომენდაციები პლანეტურ მეცნიერებაში.

თუმცა, სრულ მისიებად გადაქცევისთვის ყველა კონცეპტის შერჩევა ვერ მოხდება, ბოლომდე ყველა ვერ მივა შერჩეულებიდანაც. მაგალითად, მოგვიანებით გაუქმდა 2013 წლის მარსის მისიის კონცეპტი.

მაგრამ ამავე კვლევის ნაწილი იყო ამაღელვებელი მისია „ევროპა კლიპერი“, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს და მისი მიზანია იუპიტერის მთვარე ევროპას სიცოცხლისუნარიანობის გარკვევა; მისია 2020-იან წლებში გაეშვება.

გარდა მარსისა და მთვარის მისიებისა, 2023 წლის კატალოგიზაციაში შესულია სხვა რამდენიმე ამაღელვებელი მისიის კონცეპტიც.

ცერერა

მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელში მოკალათებული ამ ობიექტის დიამეტრი 945 კილომეტრია და წარმოადგენს ერთადერთ ჯუჯა პლანეტას ნეპტუნის ორბიტის შიგნით.

სხეული სავსეა წყლით, როგორც ყინულის სახით, ისე წიაღში მლაშე, ბლანტი სითხის ფორმით. დაფიქსირებულია ცერერადან მომდინარე წყლის ორთქლი და უცნაური ამოზნექილობა, რომელიც სავარაუდოდ, მლაშე ტალახის ვულკანი უნდა იყოს.

ხომალდმა Dawn-მა ცერერას ორბიტაზე სამი წელი იმოძრავა, ჩაატარა დაკვირვებები, მაგრამ ნასას პლანეტურ მეცნიერ ჯული კასტილიოსა და მისი კოლეგების განცხადებით, შესასწავლი ჯერ კიდევ ბევრია. მათი აზრით, არის კითხვები, რომლებსაც Dawn-ის მისია პასუხს ვერ გასცემდა, მაგალითად, არის თუ არა ცერერა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. Ასევე საინტერესოა, ცერერა იქ გაჩნდა, სადაც ახლაა თუ კოიპერის სარტყელში.

მსგავსი კითხვები არსებობს ცერერას ზედა ქერქის შემადგენლობის, მისი აქროლადების ციკლისა და წყლის ორთქლის ჭავლების, გარემო პირობებისა თუ მისი ადრეული ოკეანის შესახებ.

ამ კითხვებზე პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება სხვა ორბიტერით, მავალებით ან ნიმუშების ჩამომტანი მისიით. შედეგად, საბოლოოდ უნდა გაირკვეს, იყო თუ არა ოდესმე ან იქნებ ახლაც არის ცერერა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.

ვენერა

ვენერა ნამდვილი ჯოჯოხეთური პლანეტაა. სულ მცირე, ასეთია მისი ზედაპირი. ატმოსფერული წნევა იქ დედამიწისაზე 90-ჯერ მაღალია, ზედაპირის ტემპერატურა კი დაახლოებით 462 გრადუსი ცელსიუსია და გახვეულია ნახშირორჟანგისა და გოგირდმჟავას სქელ ღრუბლებში. კაცობრიობამ ვენერაზე ხომალდის დასმა წარსულში უკვე სცადა და ეს გარკვეულწილად გამოუვიდა საბჭოთა კავშირს.

ვენერას ირგვლივ მრავალი კითხვა არსებობს. ზომისა და შემადგენლობის თვალსაზრისით, ის ძლიერ ჰგავს დედამიწას. მეცნიერებს სურთ გაიგონ, რატომ არის დედამიწა საცხოვრებლად ასე მშვენიერი, ვენერა კი არა. არსებობს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, ეს ორი პლანეტა წარსულში კიდევ უფრო მეტად ჰგავდა ერთმანეთს.

მეცნიერებს ამ მისიის ფარგლებში სურთ გაარკვიონ, რა მოხდა ვენერას თავს, რატომ გახდა ის ასე განსხვავებული. თუ ამ ყველაფერს მართლაც გავიგებთ, შეიძლება ბევრი რამე შევიტყოთ ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებაც.

ენცელადი

ევროპას გარდა, მზის სისტემაში არის კიდევ ერთი მოზრდილი ყინულოვანი მთვარე, რომელიც ასტრობიოლოგთა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. ეს გახლავთ სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი ენცელადი. მისი გაყინული ქერქის ქვეშ გადაჭიმულია თხევადი წყლის ოკეანე. ამ ოკეანეში უხვად არის ნახშირბადით მდიდარი ორგანული მოლეკულები.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტურ მეცნიერ შენონ მაკენზისა და მის კოლეგებს ენცელადზე მისიის გაგზავნა სურთ. მათი მიზანია გაარკვიონ, არის თუ არა მიკრობები ენცელადის ზედაპირზე ამოფრქვეულ წყლის ჭავლებში. მეცნიერთა ვარაუდით, სიცოცხლე უნდა არსებობდეს ენცელადის ოკეანის სიღრმეში, ჰიდროთერმულ ღრმულებში.

მისიის შემთავაზებელ მკვლევართა განცხადებით, ენცელადი უნიკალური და განუმეორებელი ადგილია, სადაც შეგვიძლია პასუხი მივიღოთ ფუნდამენტურ კითხვებზე მზის სისტემაში სიცოცხლის გავრცელების შესახებ.

ნეპტუნი

გარკვეულ მიზეზთა გამო, კაცობრიობას სპეციალური მისია არასოდეს გაუგზავნია მზის სისტემის გარე პლანეტების, ყინულოვანი გიგანტების — ურანისა და ნეპტუნისკენ. ეს კი საკმაოდ დიდ უფსკრულს აჩენს ჩვენი მშობლიური სისტემისა და ეგზოპლანეტების შეცნობაში; მიჩნეულია, რომ ნეპტუნის ტიპის პლანეტები გალაქტიკაში უხვად უნდა იყოს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერის, აბიგაილ რაიმერისა და მისი კოლეგების აზრით, ამ პრობლემას გამოსწორება სჭირდება. ისინი ნასას სთავაზობენ მოწინავე მისიას მზის სისტემის გარე პლანეტების მიმართულებით, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ნეპტუნს, არამედ მის მთვარე ტრიტონსაც — ერთადერთ მთვარეს მზის სისტემაში, რომელიც დედაპლანეტას გარს უვლის პლანეტის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით.

გარდა ამისა, ხომალდ ვოიჯერ-2-ის მიერ ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებს იმასაც, რომ ოკეანე შეიძლება ტრიტონსაც ჰქონდეს.

მზის სისტემა ნამდვილად დიდი და მრავალფეროვანია. სანახავი და შესასწავლი ნამდვილად ბევრია.იდეალური იქნებოდა, ერთ მშვენიერ დღესაც, ხომალდები ყველა ამ მიმართულებით გავუშვათ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.