ხომალდი ვოიაჯერ-2 მზის სისტემას ტოვებს
ხომალდი ვოიაჯერ-2 მზის სისტემას ტოვებს

ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხომალდმა ვოიაჯერ-1-მა ოფიციალურად დატოვა მზის სისტემა. როგორც ჩანს, ვარსკვლავთშორისი სივრცის საზღვარს ამჯერად მისი კომპანიონი ზონდი, ვოიაჯერ-2 უახლოვდება.

NASA-ს განცხადებით, ხომალდი ისევე გაზრდილ კოსმოსურ რადიაციას აფიქსირებს, როგორც ვოიაჯერ-1, როცა ის ვარსკვლავთშორის სივრცეში შედიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვოიაჯერ-2 1977 წელს ორი კვირით უფრო ადრე გაუშვეს, ვიდრე ვოიაჯერ-1, ეს უკანასკნელი უფრო მოკლე ტრაექტორიით გაემართა და შესაბამისად, პირველმა მიაღწია იუპიტერთან და სატურნთან.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ვოიაჯერ-2-მა გრავიტაციული აჩქარება მიიღო იუპიტერის, სატურნისა და ურანისგან, ნეპტუნის გრავიტაციამ იგი შეანელა და კომპანიონ ზონდს უფრო ჩამორჩა.

ხომალდების ეპიკურ ტურნეში წლები გადიოდა და უკვე 2012 წლის 25 აგვისტოს, ვოიაჯერ-1-მა ოფიციალურად გადაკვეთა მზის სისტემისა და მის მიღმა არსებული სივრცის საზღვარი და გახდა კაცობრიობის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი, რომელმაც ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა.

ამჯერად, ვოიაჯერ-2 ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და ოფიციალურად გახდება მეორე ასეთი ობიექტი.

კოსმოსში წნევა უკიდურესად დაბალია, მაგრამ მაინც არსებობს. მზის სისტემის მასშტაბით, მზისგან მომდინარე ქარი ზეწოლას ახდენს გარე წნევაზე. გარკვეულ წერტილში ეს ქარი საკმარისად ძლიერი აღარ არის და ვარსკვლავთშორის სივრცეს ვეღარ აწვება.

ეს წერტილი მზისგან 123 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მდებარეობს (18,4 მილიარდი კილომეტრი) და ჰელიოპაუზა ეწოდება.

ერთ მხარეს არის ჰელიოპაუზა — მზის ქარების მიერ გაბერილი მზის სისტემის ბუშტი; მეორე მხარეს კი გადაჭიმულია დანარჩენი, უსასრულო სამყარო.

ვოიაჯერ-2 ჰელიოსფეროს გარე ნაწილს 2007 წლიდან მიაპობს, მას შემდეგ, რაც მან გადაკვეთა შეწყვეტის შოკი — წერტილი, რომელზეც მზის ქარის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაბლა ჩამოდის. ხომალდი ამჟამად მზიდან 118 ასტრონომიული ერთეულის (17,7 მილიარდი კმ) მანძილზე იმყოფება.

NASA-ს განცხადებით, აგვისტოს ბოლოს ზონდმა დააფიქსირა, რომ კოსმოსური გამოსხივების მაჩვენებელი გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, ხუთი პროცენტით არის გაზრდილი.

კოსმოსური სხივები სუბატომური ნაწილაკებია, რომლებიც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმის ატომბირთვებისგან შედგება. ისინი კოსმოსში უკიდურესად მაღალი სიჩქარით დაჰქრიან. მიჩნეულია, რომ მზის ქარების გამო, ჰელიოპაუზასთან ბევრი მათგანი ჩერდება ან სიჩქარეს ანელებს.

2012 წლის მაისში, ჰელიოპაუზის გადაკვეთამდე სამი თვით ადრე, კოსმოსური სხივების გაზრდილი მაჩვენებელი დააფიქსირა ვოიაჯერ-1-მაც. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეში ვოიაჯერ-2-იც სამ თვეში შევა.

ამის მიზეზი ის არის, რომ მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლის განმავლობაში, მზის სისტემა ოდნავ ფართოვდება და იკუმშება. NASA-ს პროგნოზით, ვოიაჯერ-2-მა მზის სისტემა ყველა ვარიანტში უნდა დატოვოს 2030 წლამდე.

NASA-ს განცხადებით, მას შემდეგ, რაც დედამიწასთან კონტაქტს გაწყვეტენ, ვოიაჯერები ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაიწყებენ მოძრაობას, რაც მილიარდობით წელიწადს გაგრძელდება. ირმის ნახტომის ცენტრს ისინი ყოველ 225 მილიონ წელიწადში ერთხელ შემოუვლიან.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.