NASA-მ მთვარეზე ადამიანების გაგზავნა 2025 წლამდე გადადო — #1tvმეცნიერება
NASA-მ მთვარეზე ადამიანების გაგზავნა 2025 წლამდე გადადო — #1tvმეცნიერება

ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე ეკიპაჟიან მისიას 2025 წელზე ადრე არ გაუშვებს. ამის შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა განაცხადა, რითაც ოფიციალურად დასტურდება მისიის სულ მცირე ერთი წლით გადადება.

2024 წელს გაშვება მიზნად წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისას დაისახეს, როდესაც სააგენტომ პროგრამა „არტემისი“ დაიწყო.

თუმცა, მას შემდეგ, პროგრამა მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, აპარატებით დაწყებული, კოსმოსური სკაფანდრებით დამთავრებული.

წინა კვირაში, NASA-მ სასამართლო დავა მოუგო ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ს, რომელიც სააგენტოს დამშვები ხომალდის შესახებ კონტრაქტის შეწყვეტისთვის უჩიოდა. ახალი კონტრაქტი NASA-მ ილონ მასკის SpaceX-თან გააფორმა.

„სამართლებრივ დავაში თითქმის შვიდი თვე დავკარგეთ, რაც სავარაუდოდ, მთვარეზე ადამიანთა გაგზავნას სულ მცირე 2025 წლამდე გადაავადებს“, — ამბობს ნელსონი.

მისივე განცხადებით, კარგი ამბავი ის არის, რომ NASA დიდ პროგრესს განიცდის და ამის მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ გასულ კვირაში ეკიპაჟის კაფსულა „ორიონი“ კენედის კოსმოსურ ცენტრში, რაკეტის წვერზე მოათავსეს.

პირველი უპილოტო მისიის, Artemis 1-ის გაშვებას NASA 2022 წლის თებერვალში გეგმავს, 2024 წელს კი პირველი პილოტირებული მისია Artemis 2 მთვარეს გადაუფრენს.

ამას გარდა, დაშვების უპილოტო ტესტი ესაჭიროება SpaceX-საც, რათა გამოსცადოს საკუთარი რაკეტა Starship-ის მთვარის ვერსია, რომელმაც შემდეგში მთვარეზე ეკიპაჟი უნდა წაიყვანოს.

ნელსონის განცხადებით, „ორიონზე“ მუშაობა NASA-ს 9,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ კონგრესისგან უფრო მეტი დაფინანსება საჭირო, რათა დაკმაყოფილდეს ახალი ქრონოლოგია.

„ჩინეთის კოსმოსური პროგრამა სულ უფრო წინ მიიწევს და ჩინელი ასტრონავტები მთვარეზე შეიძლება იმაზე ადრე ჩაიყვანოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩვენ ძალიან აგრესიული და კარგი ჩინური კოსმოსური პროგრამის წინაშე ვდგავართ“, — დასძენს NASA-ს ხელმძღვანელი.

მისივე განცხადებით, ეს NASA-ს პოზიციაა და სჯერა, რომ აშშ-ის ხელისუფლებასაც სურს, ნახევარი საუკუნის შემდეგ მთვარეზე პირველი აშშ დაბრუნდეს.

ჩინეთი თავის სამხედრო მიზნების მქონე კოსმოსურ პროგრამაში მილიარდებს ხარჯავს და სურს, რომ 2022 წლისთვის დედამიწის ორბიტაზე ჰქონდეს მუდმივად ეკიპაჟიანი კოსმოსური სადგური.

ჩინეთმა მთვარეზე უკვე გაგზავნა მავალები, მათ შორის ე. წ. ბნელ მხარეზე, პირველი ეკიპაჟიანი მისიის გაშვებას კი 2029 წლისთვის ფიქრობს.

ადამიანები მთვარეზე ბოლოს 1972 წელს ჩავიდნენ, ეს გახლდათ ამერიკული მისია „აპოლო 17“.

NASA-ს განცხადებით, პროგრამა „არტემისში“ პირველად იქნება პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც მთვარეზე დადგამენ ფეხს.

სააგენტოს სურს, რომ მთვარეზე მუდმივი, თვითმომარაგებადი საცხოვრებელი შექმნას და მიღებული გამოცდილება უფრო შორეული მარსის მისიისთვის გამოიყენოს, რომელიც 2030-იან წლებში იგეგმება.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.