როლან გაროსის მამაკაცთა ტურნირის ფინალში დომინიკ ტიმი და რაფაელ ნადალი ითამაშებენ. ესპანელმა ჩოგბურთელმა 2 საათსა და 17 წუთში ძალიან იოლად დაამარცხა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო – 6:4, 6:1, 6:2.
ამ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო. დელ პოტრომ ექვსი ბრეიკ–პოინტი მოიპოვა, მაგრამ ნადალმა ექვსივეჯერ მოახერხა გეიმების გადარჩენა. რაფამ კი თავისი პირველი ბრეიკ–პოინტები მეათე გეიმში გამოიმუშავა და შანსი მაშინვე გამოიყენა.
რაც შეეხება მეორე და მესამე სეტებს, ნადალმა ორ–ორჯერ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება და თავად ერთადერთი ბრეიკ–პოინტის მოგერიებამ მოუწია.
ნადალი მეთერთმეტედ ითამაშებს როლან გაროსის ფინალში. წინა 10 ფინალიდან მას ყველა მოგებული აქვს.
ნადალსა და ტიმს შორის ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 6:3–ს იგებს. სხვათა შორის, ავსტრიელმა ცოტა ხნის წინ, მადრიდის „მასტერსზე“ შეძლო რაფას დამარცხება. ფინალი კვირას გაიმართება.